Facebook Twitter

ას-553-936-06 23 იანვარი 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. მ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ 2005 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. ა-ს ვ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალი 7800 აშშ დოლარი და სახელმწიფო ბაჟი 351 ლარი; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია განისაზღვრა კანონით დადგენილი წესით; გაწეული ხარჯების ნაწილში, კერძოდ ადვოკატის ხარჯის ნაწილში, საკითხი დარჩა ღიად და დამატებით ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე განისაზღვრა მტკიცებულებათა გამოკვლევა და საქმის განხილვა; მოსარჩელის მოთხოვნას გზის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა; ნ. ა-ს ვ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის დაწესებული ჰონორარის თანხა 3130 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე – ნ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინებით აპელანტ ნ. ა-ს განესაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი; სააპელაციო სასამართლომ ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივრის ავტორმა თავისი კერძო საჩივარი დაასაბუთა იმით, რომ ხარვეზის განჩინება მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით დროულად არ ჩაბარებია და ჩაბარდა დაგვიანებით, კერძოდ 2006 წლის 12 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ნ. ა-ის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინებით აპელანტ ნ. ა-ს განესაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად (ს.ფ. 42); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი; სააპელაციო სასამართლომ ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი (ს.ფ. 46-47); საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მოტივი იმის თაობაზე, რომ მას სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე არ ჩაბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, რადგან ს.ფ. 45-ზე წარმოდგენილ საფოსტო გზავნილზე შესრულებული ხელმოწერიდან არ ირკვევა, ჩაბარდა თუარა პირადად ნ. ა-ს ხარვეზის შევსების განჩინება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაურკვეველია ვისი ხელმოწერაა ს.ფ. 45-ზე არსებულ საფოსტო გზავნილზე. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

იმის გამო, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. ა-სთვის სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლოს განჩინების ჩაბარება, ამიტომ ნ. ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინება და საქმე ნ. ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.