¹ას-554-937-06 4 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. დ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მ სარჩელით მიმართა სასამრთლოს ზ. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა სესხის დაბრუნება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001 წლის 30 მაისს მან მოპასუხეს ასესხა 2100 აშშ დოლარი მაღაზიის ასამუშავებლად ერთი წლის ვადით. ზ. დ-მა დათქმულ დროს არ გადაიხადა ვალი. ნასესხები თანხის ნაწილი იყო თავისი მეგობრის, რომელიც მან გადაიხადა. მან გაყიდა ავეჯი, დააგირავა ოქრო და გადაიხადა მეგობრის ვალი. მიუხედავად არა ერთგზის თხოვნისა მოპასუხე არ აბრუნებს ვალს. მან მოპასუხის მაღაზიიდან ნაწილ-ნაწილ აიღო 350 ლარი. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 1941 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს დაგირავებული ოქროს თანხა 177 აშშ დოლარი. მოპასუხეს სულ გადასახდელი აქვს 2640 აშშ დოლარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. დ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1950 ლარისა და 177 აშშ დოლარის გადახდა. მასვე დაეკისრა პროცენტის - 1326 ლარისა და 102 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. დ-მა.
ვინაიდან საპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განჩინებით ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩიენბაზე ზ. დ-მა შეიტანა კერძო საჩივარი. მან აღნიშნა, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას ხარვეზი უნდა შეევსო 2007 წლის 9 მარტამდე, მან კი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2007 წლის 2 მარტს და დატოვა სააპელაციო სასამართლოს მისაღებში 2007 წლის 6 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.
ზ. დ-ს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 27 თებერვალს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2006 წლის 9 მარტის ჩათვლით. ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2007 წლის 2 მარტს, მაგრამ ზ. დ-ს სასამართლოში აღნიშნული ქვითარი არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით Dდადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ზ. დ-ს არ წარმოუდგენია, ითვლება, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.