Facebook Twitter

ას-555-896-07 3 ოქტომბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „.. ..“ დირექტორი ი. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მაისის განჩინება.

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა----გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი—თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 24 იანვარს ე. გ-ის წარმომადგენელმა მ. ს-მ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გადახდის ბრძანებით, მოპასუხე შპს „.. ..ზე“ თანხების დაკისრება.

2006 წლის 31 იანვარს მანვე დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქმის სასარჩელო წესით განხილვა და მოპასუხეზე 6648 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი გაანგარიშებით: 2778 აშშ დოლარი – ძირი თანხა, 756 აშშ დოლარი წლიური სარგებელი 2002 წლის 28 თებერვლიდან სარჩელის შეტანამდე სულ 3024 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 987 აშშ დოლარი, ჯარიმა 0,6% ოდენობით გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის 592 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე სახელმწიფო ბაჟის 160 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის 500 ლარის დაკისრება.

მოპასუხის შპს „.. ..ს“ დირექტორის ი. მ-ის წარმომადგენელმა გ. წ-მ საქალაქო სასამართლოს მიმართა შესაგებელით და განმარტა, რომ შპს-ს და სს „... ბანკს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 2001 წლის 21 თებერვალს, ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ანუ 2002 წლის 21 თებერვლისათვის თუ არ იქნებოდა თანხა დაფარული, ამ დღიდან წარმოეშობოდა კრედიტორს მოთხოვნის უფლება, ე.ი. მოპასუხის აზრით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სრულდებოდა 2005 წლის 21 თებერვალს და მაშინ როცა ბანკმა მოთხოვნის უფლება დაუთმო გ-ს ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო ის გარემოება, რომ ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იქნა დატვირთული ი. მ-ის ქონება ხანდაზმულობის ვადას 6 წლიან ფორმატში ვერ გადაიყვანს, რადგან ძირითადი ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად არის ის დადებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადას ექვემდებარება.

მოპასუხე მიიჩნევს, რომ ის გარემოება რომ მოსარჩელეს 2002 წლის 28 თებერვალს გადახდილი აქვს შპს-ს ვალი, 2005 წლის აგვისტოში მიუმართავს სასამართლოსათვის და მისი სარჩელი ოქტომბერში დარჩა განუხილველი არ ცვლის ხანდაზმულობის საკითხს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „.. ..ს“ ე. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3360 აშშ დოლარის გადახდა.

უარი ეთქვა ე. გ-ს მოთხოვნაზე შპს „.. ..ზე“ თანხის ყოველწლიური სარგებლისათვის 3024 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 987 აშშ დოლარის დაკისრებაზე, ასევე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევაზე უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შპს „.. ..ს“ დირექტორმა ი. მ-მ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ე. გ-ის მიერაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მაისის განჩინებით შპს „.. ..ს“ დირექტორის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. აპელანტმა განჩინების ასლი ჩაბიარა 2007 წლის 15 მაისს. მას ხარვეზის შესავსებად ჰქონდა ვადა 2007 წლის 22 მაისამდე. აღნიშნული ხარვეზი მხარის მიერ არ შევსებულა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „.. ..ს“ დირექტორმა ი. მ-მ.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას. მისი განმარტებით ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მას ჩაბარდა 2007 წლის 16 მაისს, ხოლო იგი 2007 წლის 20 მაისიდან 1 ივნისამდე იმყოფებოდა ამბულატორიული მკურნალობის რეჟიმში და მოკლებული იყო გადაადგილების შესაძლებლობას. მისმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს 2007 წლის 30 მაისს და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა, მაგრამ მან ვერ შეძლო ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, ვინაიდან ცნობა გაიცა მხოლოდ მ/წლის 4 ივნისს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „.. ..ს“ დირექტორი ი. მ-ე ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 მაისის განჩინება და აღუდგეს გაშვებული საპროცესო ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 07 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან (ს.ფ. 168-169).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მაისის განჩინებით შპს ,,.. ..ს” დირექტორის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად (ს.ფ. 84-87).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის შესახებ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მას ჩაბარდა 2007 წლის 16 მაისს, ხოლო იგი 2007 წლის 20 მაისიდან 1 ივნისამდე იმყოფებოდა ამბულატორიული მკურნალობის რეჟიმში და მოკლებული იყო გადაადგილების შესაძლებლობას, ვინაიდან მოცემულ საქმეში მხარეს წარმოადგენს იურიდიული პირი---შპს ,,.. ..” და არა ფიზიკური პირი ი. მ-ე.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის შესახებ, რომ მისმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს 2007 წლის 30 მაისს და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა, ვინაიდან გ. წ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ ვადის გასვლის შემდეგ, აგრეთვე მას არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი საბუთი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „.. ..ს“ დირექტორის ი. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „.. ..ს“ დირექტორის ი. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მაისის განჩინება

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.