Facebook Twitter

¹ას-555-938-06 11 იანვარი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. და ი. ყ-ები

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. .. ..”, გ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ აღსრულების შეჩერება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ყ-მა და ასევე მესამე პირმა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ს. კ-მ, სარჩელით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების, გ. ს-სა და საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, მესამე პირი _ სს “ .. .. ..”, და მოითხოვეს გ. ს-თან დადებული გარიგების ბათილად ცნობა და სადავო ფართზე _ მდებარე დაბა წყნეთში, ….... ქ. ¹ ...-ის, ¹1 კოტეჯის ¹2-სა და ¹3 ბინის მესაკუთრეებად ცნობა.

გ. ს-მა, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ¹1 კოტეჯის ¹3 ბინის გამონთავისუფლება ა. ყ-ისა და მისი ოჯახის წევრებისაგან.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ყ-ისა და მესამე პირის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა გ. ს-ს შეგებებული სარჩელი და ა. ყ-ს დაევალა ოჯახის წევრებთან ერთად სადავო ფართის გამონთავისუფლება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ყ-მა და ს. კ-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ა. ყ-სა და მესამე პირის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა გ. ს-ს შეგებებული სარჩელი და ა. ყ-ს დაევალა ოჯახის წევრებთან ერთად დაბა წყნეთში, ..... ქ.¹ ....-ში მდებარე ¹1 აგარაკის ¹3 ბინის გამონთავისუფლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა იძულებით აღსასრულებლად.

2006 წლის 8 ივნისს ა. ყ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სს “ .. .. ..” ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, დამნაშავე პირების დადგენის მიზნით დაწყებული წინასწარი გამოძიების საფუძველზე, რომელშიც თავად დაზარალებულად არის ცნობილი, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების შეჩერება სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

2006 წლის 19 ივნისს ი. ყ-მა, მ. ყი-მა და გ. ყ-მა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითეს, რომ, როგორც ა. ყ-ის ოჯახის წევრები, მხარეებად არ ყოფილან ჩართულები და სათანადო წესით მოწვეულები სასამართლო სხდომაზე, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს მოგვიანებით, 2006 წლის 7 ივნისს. ვინაიდან გადაწყვეტილება მათ ინტერესებსაც შეეხო, მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვტილების ბათილად ცნობა და, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის “დ” და “ზ” პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განჩინებით ა. ყ-ის, ი. ყ-ის, მ. ყი-ისა და გ. ყ-ის განცხადებები გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. და ი. ყ-ებმა და აღნიშნეს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იყო წარმოდგენილი კრედიტორისადმი აღსრულების შეჩერებით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტია, ხელყოფილი იქნებოდა კრედიტორის კანონით დაცული უფლებები, რადგან თავად კრედიტორის მიერ აღნიშნულის თაობაზე გაცხადებული არ ყოფილა და მის შესახებ არც განჩინებაშია ასახული. ასევე მიუთითეს, რომ სასამართლომ განცხადება აღსრულების შეჩერებაზე განიხილა მოგვიანებით, რითაც კრედიტორს მიეცა საშუალება დაეჩქარებინა მათი ბინიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი და განიხილა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ფაქტობრივად გამოსახლებულები იყვნენ ბინიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. და ი. ყ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. ყ-ისა და მესამე პირის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ს. კ-ის სარჩელი, ხოლო დაკმაყოფილდა გ. ს-ის შეგებებული სარჩელი ა. ყ-ის ოჯახის წევრებთან ერთად დაბა წყნეთში,…...... ქ.¹ .... -ში მდებარე ¹1 აგარაკის ¹3 ბინიდან გამოსახლების შესახებ, შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა იძულებით აღსასრულებლად.

ა. ყ-მა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის “ზ” პუნქტის საფუძველზე, განცხადებით მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება იმ მოტივით, რომ სს “ .. .. ..” ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, დამნაშავე პირების დადგენის მიზნით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება, რომელშიც თავად დაზარალებულად არის ცნობილი.

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო აღსრულებას აჩერებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ა. ყ-ის მიერ მითითებული გარემოება, რომ სს “ .. .. ..” ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-6 განყოფილებაში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, სადაც თავად დაზარალებულად არის ცნობილი, არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძველს.

ი. ყ-მა, მ. ყი-მა და გ. ყ-მა კი აღსრულების შეჩერება მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათთვის მოსალოდნელი ზიანის თაობაზე თუკი გაცხადებული და დასაბუთებული იქნებოდა კრედიტორისაგან შეჩერებიდან გამომდინარე მოსალოდნელი ზიანი, შესაბამის გარანტიებზეც არ იტყოდნენ უარს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. აღსრულების შეჩერება გარკვეულწილად ხელყოფს კრედიტორის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს, შესაბამისად, აღსრულების შეჩერების ღონისძიების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი იძლევა მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიას. აღნიშნული გარანტიები კი განმცხადებლების _ ი. ყ-ის, მ. ყი-სა და გ. ყ-ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სწორად უთხრა უარი განმცხადებლების მოთხოვნას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე. ამასთან, როგორც კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია. შესაბამისად, მათი მოთხოვნა აღსრულების შეჩერების თაობაზე უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ყ-სა და ი. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.