ას-556-865-09 23 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ქ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ქ-იას სარჩელი ლ. თ-ძის მიმართ თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით თ. ქ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით.
2009 წლის 12 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ქ-იამ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება პირადად არ ჩაჰბარებია 2008 წლის 12 ივლისს, შესაბამისად, მას შეტყობინების ბარათზე ხელი არ მოუწერია, არამედ ჩაჰბარდა მისი მეზობლის ოჯახს მისთვის გადასაცემად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით თ. ქ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან დოკუმენტის სიყალბე, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება ეფუძნებოდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო დადასტურებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ქ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ იმ გარემოების თაობაზე, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა მას, არამედ მის მეზობელს უკვე იმსჯელა 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინების გამოტანისას, მაგრამ მაშინ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება მისი არარსებობის გამო ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების მოპოვება მან მხოლოდ 2009 წლის 18 მაისს შეძლო, უფრო ადრე მისი წარდგენა შეუძლებელი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ქ-იამ მოითხოვა კურიერის ახსნა-განმარტება ბორჯომის რაიონის პოლიციაში, როგორც ახალი მტკიცებულება, სასამართლომ მიიღოს მხედველობაში და გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. ქ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მხარემ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ამასთან, მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამასთან თუ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურდება იმ დოკუმენტის სიყალბე, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ქ-ია იმ გარემოების შესახებ, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა მას, არამედ მის მეზობელს უთითებდა კერძო საჩივრის ერთ-ერთ საფუძვლად და აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით ითხოვდა საპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმებას. ასევე დადგენილია, რომ კერძო საჩივრის განმხილველმა სასამართლომ 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით იმსჯელა აღნიშნული გარემოების შესახებ და არ გაიზირა დაუსაბუთებლობის მოტივით, შესაბამისად, მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ მასზე უკვე იმსჯელა 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინების კანონიერების შემოწმებისას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი 2008 წლის 23 დეკემბრის საქართველოს შსს ბორჯომის შინაგან საქმეთა სამმართველოს წერილი ვერ გახდებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან თ. ქ-ია ვერ ასაბუთებს რატომ ვერ შეძლო საქმის განხილვისას წარმოედგინა ეს მტკიცებულება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული მტკიცებულება რომც წარმოედგინა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, იგი ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის სიყალბე, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება ემყარებოდა, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დადასტურებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთი გარემოებები და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც საქმის წარმოების განახლების საფუძველი გახდებოდა და, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ქ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.