Facebook Twitter

ას-556-897-07 5 ნოემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ყ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჩ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინება

დავის საგანი _ თანხის გადახდის დაკისრება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ყ-მ 2007 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. ჩ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება. მან სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დარჩა მიკროავტობუსი. მასთან ოჯახში მივიდა სოფლის გამგებელი თ.ჩ-ა და გ.ხ-ა. თ.ჩ-მ სთხოვა მოსარჩელეს, რომ მიექირავებინა მიკროავტობუსი. საბოლოოდ მოსარჩელე და სოფლის გამგებელი თ.ჩ-ა შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მიკროავტობუსს მიაქირავებდა გ.ხ-ს დღეში 10 ლარის გადახდის სანაცვლოდ და იმ პირობით, რომ მიკროავტობუსს დაუბრუნებდნენ მუშა მდგომარეობაში. მოსარჩელის მითითებით მას შემდეგ 4 წელი გავიდა და მათ მისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდიათ, მის მიმართ დავალიანებამ შეადგინა 15000 ლარი. მან მიკროავტობუსი გადასცა თ.ჩ-ს და არა გ.ხ-ს, რადან მას არ იცნობდა. მან მიმართა ზემდგომ ორგანოებს კუთვნილი თანხის გადახდის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ყ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ.ყ-ს წარმომადგენელმა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით მ.ყ-ს წარმომადგენლის შ.ჭ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

რაიონული სასამართლოს განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ყ-ს წარმომადგენელმა შ.ჭ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით აპელანტ მ. ყ-ს წარმომადგენელს შ. ჭ-ს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის, სააპელაციო საჩივრის ვადაში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის, მ. ყ-ს წარმომადგენელი შ. ჭ-ს საადვოკატო უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის წარმოსადგენად მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებით მ. ყ-ს წარმომადგენლის შ. ჭ-ს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განჩინებაზე როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე და 440-ე მუხლებით და მიუთითა, რომ შ. ჭ-მ სასამართლოს ვერ წარუდგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი მტკიცებულება და ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ყ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველი მისი სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ მის წარმომადგენელს, როგორც ადვოკატს არ ჰქონდა ტესტირება გავლილი და სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაუშვა შეცდომა. იგი არის მძიმე ავადმყოფი და არ შეუძლია მოძრაობა, იმყოფება სამკურნალოდ ქ.თბილისში. მას ბუნებრივია არ შეეძლო მონაწილეობის მიღება საქმის განხილვაში, მითუმეტეს იგი მიეკუთვნება უმწეო ოჯახთა კატეგორიას და არა აქვს ადვოკატის დაქირავების საშუალება. იგი ითხოვდა სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დაუკმაყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ყ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით მ. ყ-ს წარმომადგენელს შ. ჭ-ს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის, საპელაციო საჩივრის ვადაში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის, მ. ყ-ს წარმომადგენელი შ. ჭ-ს საადვოკატო უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის წარმოსადგენად მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადა (ს.ფ. 44-45). მ. ყ-ს წარმომადგენელმა შ. ჭ-მ წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი და განცხადებაში მიუთითა, რომ იგი არის მ.ყ-ს შვილი, არ არის იურისტი და მის ოჯახს მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე არა აქვს ადვოკატის აყვანის საშუალება (ს.ფ. 48-49). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებით მ. ყ-ს წარმომადგენლის შ. ჭ-ს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განჩინებაზე როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 50-53).

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, ვინაიდან მ.ყ-ს წარმომადგენელმა შ.ჭ-მ სასამართლოს ვერ წარუდგინა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ.ყ-ს სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია არა მის მიერ, არამედ მხოლოდ მისი შვილის შ.ჭ-ს მიერ (ს.ფ. 33-35). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეიტანოს როგორც უშუალოდ მხარემ, ისე, მისმა წარმომადგენელმა. საჩივარს ხელს აწერს ის, ვისაც შეაქვს იგი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მ.ყ-ს სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია მისი შვილის შ.ჭ-ს მიერ, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში არ აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების უფლება, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უშუალოდ მ. ყ-სათვის უნდა მიეცა საშუალება წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის ზემოაღნიშნული ხარვეზის შესავსებად უნდა მიეცა ვადა და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ ემსჯელა მ.ყ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.ყ-ს კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ.ყ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.