Facebook Twitter

ას-558-941-06 9 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ი-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლა., ნ. და ლე. ი-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინება

დავის საგანი _ უძრავი ქონებიდან საკუთრების უფლებით იდეალური წილის გამოყოფა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლა, ნ. და ლე. ი-ებმა 2006 წლის იანვარში სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე გ. ი-ის მიმართ და მოითხოვეს დედის დანაშთი ქონებიდან მათი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის კუთვნილი წილის გამოყოფა. მოსარჩელეებმა თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ მათმა მშობლებმა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს მიწის ნაკვეთები და ერთობლივად ააშენეს საცხოვრებელი სახლი სოფელ ... . დედის გარდაცვალების შემდეგ ეს ქონება მამის სახელზე ირიცხება, მაგრამ ქონებას ფლობენ მოსარჩელეები, ისინი უვლიან მიწის ნაკვეთებს და ეწევიან ყოველგვარ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მხოლოდ ზამთრის პერიოდში არ იმყოფებიან იქ. მათ სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლისა და 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მოითხოვეს სოფელ ... არსებული დედის დანაშთი ქონებიდან მათი კუთვნილი წილის გამოყოფა.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ნ, ლა. და ლე. ი-ის სარჩელი მოპასუხე გ. ი-ის მიმართ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეებს ნ, ლა. და ლე. ი-ებს ქარელის რაიონის სოფელ .... მცხოვრებ გ. ი-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლი, მიწა) ნახევრიდან, საკუთრების უფლებით გამოეყოთ იდეალური წილი ქონების 3/4.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით აპელანტ გ. ი-ს სააპელაციო საჩივრისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან განესაზღვრა 10 დღის ვადა. მითითებული განჩინებით მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინებით გ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2006 წლის 6 მაისს. მაგრამ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ი-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მას ჩაბარდა 2006 წლის 6 მაისს, რადგან ეს განჩინება 2006 წლის 6 მაისს ჩაბარდა სოფელ ... მცხოვრებ გ. ვ-ის ძე ი-ს, რომელმაც ეს განჩინება გადასცა დაგვიანებით 2006 წლის 30 მაისს. აღნიშნული მტკიცებულებები წარმოდგენილი აქვს სასამართლოში. მან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან დაახლოებით ერთ კვირაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის დამადასტურებელი ქვითარიც წარმოადგინა 2006 წლის 6 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი გარემობების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით აპელანტს გ. ი-ს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად (ს.ფ. 50-51). ეს განჩინება მას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე _ გორის რაიონის, სოფელ ... . (ს.ფ. 52),

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ 2006 წლის 6 მაისს ჩაბარდა არა აპელანტ გ. ი-ს, არამედ გორის რაიონის სოფელ .... მცხოვრებ გ. ვ-ის ძე ი-ს. ეს გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გორის რაიონის სოფელ ....ის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით, სადაც მითითებულია, რომ ....ის საკრებულო ადასტურებს, რომ გ. ვ-ის ძე ი-ი და გ. ი-ს ძე ი-ი არიან სოფელ ..... მაცხოვრებლები (ს.ფ. 73). საქმეში წარმოდგენილი გ. ვ-ის ძე ი-ის ხელწერილში მითითებულია, რომ მან 2006 წლის მაისის თვეში მიიღო შეტყობინება თბილისის სააპელაციო სასამართლოდან, შემდეგ გაარკვია, რომ იგი ეკუთვნოდა მის მოსახელეს გ. ი-ს და გადასცა მას (ს.ფ. 72). საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ აპელანტმა გ. ი-მა 2006 წლის 6 ივნისს წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვის მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. განჩინება ხარვეზის შესახებ შეიძლება ჩაბარდეს მოსარჩელეს უშუალოდ სასამართლოში, ან გადაეგზავნოს მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინება არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.