საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№333აპ-17 ქ. თბილისი
გ-ე პ, 333აპ-17 30 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ. გ-ეს, - ბრალი დაედო საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236–ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
პ. გ-ემ უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი „WOLTRA PROFESIONAL mod.95 CAL.9P.A“ მოდელის 9 მმ კალიბრიანი №--- პისტოლეტი და კუსტარულად დამუხტული საბრძოლო მასალა – 5 ვაზნა, რომლებსაც 2015 წლის 9 სექტემბერს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა თ-ში, -ის ქ. №–ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასევე, პ. გ-ემ უკანონოდ შეიძინა და 2015 წლის 9 სექტემბერს თ-ში, -ის ქ. №–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ინახავდა 0,000358 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ .
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 3 ივნისის განაჩენით პ. გ-ე უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ და ითხოვა პ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236–ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში, იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა პ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა და სასამართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ვიდეოფირისა (რომელზეც ნათლად ჩანს პ. გ-ის გადაადგილება და ასევე, ნათლად მოუჩანს რომ არაფერი აქვს იმ ადგილას, საიდანაც, ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოიღეს იარაღი) და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, ბრალდების მხარის მტკიცებულებების უტყუარობაში გაჩნდა ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც, ისინი საფუძვლდ ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს - იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე