Facebook Twitter

¹ას-562-792-08 19 ნოემბერი , 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ქ-ა”

დავის საგანი – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი

ქედის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს “ქ-ის” გაკოტრების მმართველმა ს. შ-ძემ და მოითხოვა საზოგადოების სახელზე რიცხული უძრავი ქონების ყადაღისგან განთავისუფლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2007 წლის მაისში აუქციონის შედეგად 35000 ლარად გაიყიდა შპს “ქ-ის” ნაგებობა. მიღებული თანხიდან 22000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარავად გადაირიცხა საგადასახადო ინსპექციის ანგარიშსზე, ხოლო 13000 ლარი მიმართულ იქნა სახელფასო დავალიანების, საქმის წარმოების ხარჯების და გაკოტრების მმართველის გასამრჯელოს დასაფარავად. აუქციონის შედეგად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენმა ვერ შეძლო ქონების მის სახლზე რეგისტრაცია, რადგანაც უძრავ ქონება დაყადაღებულია აჭარის საგადასახადო ინსპექციის წინაშე დავალიანების არსებობის გამო.

ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული შპს „ქ-ის“ მიმართ გაკოტრების საქმის გახსნამდე, ე.ი. 2006 წლის 13 მარტამდე, გამოყენებული ყველა სახის იძულებითი აღსრულების ღონისძიება.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 23 აგვისტოს ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს „ქ-ას“ დაედო ყადაღა საგადასახადო ინსპექციის წინაშე არსებული 45 794 ლარის დაფარვის უზრუნველსაყოფად.

2005 წლის 21 ოქტომბერს ქედის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ქ-ის“ დირექტორმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „ქ-ის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა.

სასამართლომ მიუთითა განჩინების მე-8 პუნქტზე „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტზე და დაადგინა, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალა დაკარგა შპს „ქ-ის“ მიმართ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებულმა, მაგრამ დაუსრულებელმა იძულებითი აღსრულების ღონისძიებებმა.

განჩინება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო ასასმართლოს 2008 წლის 23 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებნაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ. მან მიუთითა, რომ სასამართლოს მოცემული საქმის განხილვის დროს უნდა ეხელმძღვანელა საგადასადო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, იპოთეკის უფლება გაუქმდებოდა, თუ საგადასახადო ორგანო ქონების სანაცვლოდ მიიღებდა თავის მოთხოვნილ თანხას, ან, თუ ჩათვლიდა, რომ ასეთი ქმედება სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდა. თუ გავიზიარებთ სააპელაციო სასამარლოს მსჯელობას, მაშინ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყფის მიზნით, გირავნობა/იპოთეკით, ყადაღით დატვირთული ქონების რეალიზაცია გაკოტრების მმართველმა შეიძლება მოახდინოს საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლად ან მისი არაჯეროვანი შესრულებით და აღნიშნული მიუხედავად მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება მისი ახალ მფლობელზე გადაფორმების მიზნით. ასეთი ქმედებით შეუძლებელი იქნება საწარმოზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალების სრულად დაფარვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს „ქ-ის“ მიმართ არსებობდა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საფუძველი და ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განჩინებით გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა.

“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით თანახმად, ქედის რაიონულმა სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალა დაკარგა შპს „ქ-ის“ მიმართ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებულმა, მაგრამ დაუსრულებელმა იძულებითი აღსრულების ღონისძიებებმა. ჩერდება ყველა კრედიტორთა სასარგებლოდ, მათ შორის სახელმწიფოს სასარგებლოდ იძულებითი აღსრულება.

„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა და მოვალის საწარმოს ლიკვიდაციით ან რეალიზაციით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გაკოტრების რეჟიმში მოვალის ყოფნის შემთხვევაში გამოიყენება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნების საწინააღმდეგოდ სადავო ურთიერთობების დარეგულირება.

გაკოტრების რეჟიმში მყოფი საწარმოს მიმართ არსებული ნებისმიერი სამართალურთიერთობა, მათ შორის საგადასახადო კოდექსით სახელმწიფოსთან დარეგულირებული ურთიერთობები უნდა მოწესრიგდეს „გაკოტრების საქმეთა ნორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული წესების თანახმად.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია ბათუმის რეგიონალური ცენტრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გაკოტრების რეჟიმში მყოფი საწარმოს მიმართ ყადაღით ....... ქონების განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის დროს სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სააღსრულებო კოდექსის 85-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა „გაკოტრების საქმეთა შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალას კარგავს ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. იძულებითი სააღსრულებო წარმება გადაეცემა გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს.

ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.