Facebook Twitter

¹ას-562-903-07 17 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს «ო...ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ე-უ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ხელფასის გადახდა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. მ-ე-უ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ო...ის” წინააღმდეგ ხელფასის გადახდის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1968 წლიდან მუშაობს შპს «ო...ში”. 2002 წლიდან შპს „ო...ის“ ფინანსური კრიზისის გამო, აღარ გაუცია ხელფასები, იგი მუშაობდა კადრების სამსახურის უფროსად, წლების მანძილზე მოითხოვდა ხელფასის გადახდას, მაგრამ მოპასუხე მხარე არ უხდიდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელფასს ღებულობდა ე.წ. ძირითადი კადრი, ამიტომ მან კატეგორიულად მოსთხოვა მოპასუხე ორგანიზაციას დავალიანების გადახდა. მოსარჩელემ მოითხოვა, შპს «ო...ს” დაეკისროს მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდა სულ – 1920 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 29 ნოემბერს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც ლ. მ-ე-უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

შპს «ო...ის” დირექტორმა ჯ. ა-მ საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ო...ს” ლ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1920 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს «ო...მა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 მაისის განჩინებით შპს «ო...ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ო...მა” და მიუთითა, რომ შპს «ო...ს” თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა 18 აპრილს, არამედ 19 აპრილს. აღნიშნული დასტურდება საფოსტო განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობითა და რეესტრის ამონაწერით. მან კანონით დადგენილი ვადის დაცვით შეიტანა სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს «ო...ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება შპს «ო...ს” ჩაჰბარდა 2007 წლის 18 აპრილს და მას სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა არა 3 მაისს არამედ 2 მაისს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება შპს «ო...ისათვის” გადაწყვეტილების ასლის 18 აპრილს ჩაბარების ფაქტი. როგორც სასამართლოში შემოსული შეტყობინებიდან ირკვევა, სასამართლოს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილება სასამართლოს ფოსტამ მიიღო 2007 წლის 17 აპრილს, რომელიც ადრესატის ფოსტაში შევიდა 19 აპრილს, ხოლო მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ფოსტიდან გაიგზავნა 20 აპრილს და სასამართლოს ფოსტაში შევიდა 21 აპრილს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია შპს «ო...ს” 18 აპრილს მიეღო გადაწყვეტილების ასლი. აღნიშნული დასტურდება შეტყობინებაზე დასმული ბეჭდით. ვინაიდან შპს «ო...მა” სააპელაციო საჩივარი შეიტანა 3 მაისს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილ 14 - დღიან ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ო...ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.