Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-56-340-08 24 მარტი, 2008წ.

¹ ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ი-აძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ .. ..-ის“ ჩოხატაურის ფილიალი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინება

სარჩელის საგანი – ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 4 ოქტომბერს ბ. ი-აძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს შპს „ .. ..-ის“ ჩოხატაურის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 24200 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი სოფელ ...ის ... განყოფილების უფროსად მუშაობდა. 1991 წლიდან დამტარებლისა და ...ის მცველის შტატი შემცირდა, რის გამოც სოფლის 350 პენსიონერი პენსიას ვეღარ მიიღებდა. პენსიონერებმა მას რაიონიდან პენსიის თანხის ატანა სთხოვეს, რისთვისაც გასამრჯელოს შეჰპირდნენ. 1991 წლიდან 1997 წლამდე იგი უწევდა პენსიონრებს აღნიშნულ მომსახურებას, რისთვისაც ამ ხნის განმავლობაში დაქირავებულ ტრანსპორტში 3500 ლარი გადაიხადა. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შპს „ .. ..-ს“ 2001 წლამდე მომსახურებისათვის სხვადასხვა პროცენტს ურიცხავდა, კერძოდ: 1993- 1997 წლებში ჩარიცხული საპენსიო თანხის 5%-ს. ვინაიდან ბ. ი-აძეს ფოსტიდან ყოველთვიურად 2000 ლარი გაჰქონდა, მისი 5% 1991 წლიდან 1997 წლამდე 7200 ლარია. ამას გარდა, პენსიონერებს მისთვის უნდა გადაეხადათ მომსახურების თანხა, მაგრამ მათთვის ცნობილი გახდა, რომ ის ჩამორიცხული საპენსიო თანხის 5%-ს იღებდა, რის გამოც დაპირებული თანხა არ გადაუხადეს და ავტორიტეტიც შეელახა. მიუხედავად იმისა, რომ ...ში მცხოვრები პენსიონერებისაგან გასამრჯელოს სახით არაფერი მიუღია, წლების განმავლობაში მას და მის მეუღლეს პენსიის თანხას უქვითავდნენ და გაურკვეველი მიმართულებით რიცხავდნენ, მისთვის დაქვითული თანხის ოდენობამ 1997 წლიდან 2000 წლამდე 2000 ლარი შეადგინა. ამასთან, 1996 წელს 31 იანვარს, როცა ფეხით მიდიოდა სოფელ ...ში და პენსიის თანხა მიჰქონდა, გზაზე სამი შეიარაღებული მძარცველი დახვდა, რომლებმაც 1500 ლარი გაიტაცეს. აღნიშნულზე სამართალდამცავ ორგანოებში არ განუცხადებია, რადგან მძარცველებს არ იცნობდა. იგი სხვადასხვა ინსტანციაში ცდილობდა თავისი უფლებების დაცვას, თუმცა ვერაფერს მიაღწია, რამაც იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე და 11 იანვრიდან 10 მარტამდე ლოგინად იყო ჩავარდნილი. მან ასევე ვერ მიიღო მოპასუხისაგან დოკუმენტი რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ნამდვილად დაქირავებული ტრანსპორტით ემსახურებოდა პენსიონერებს, ასევე ვერ მიიღო პენსიონერთა ერთობლივი განცხადებაც, რომლითაც ისინი მის გადაყენებას მოითხოვენ, რითაც განიცადა მორალური ზიანი 10000 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 2-4).

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი ბ. ი-აძეს უკან დაუბრუნდა ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტ. I, ს.ფ. 8-9).

2006 წლის 7 ნოემბერს ბ. ი-აძემ იმავე სასარჩელო მოთხოვნით კვლავ მიმართა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს (ტ. III, ს.ფ. 2-3).

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ი-აძის სასრჩელი შპს “ .. ..-ის“ ჩოხატაურის ფილიალისათვის 7200 ლარის დაკისრების ნაწილში შეწყდა და მოსარჩელეს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლებოდა. ბ. ი-აძის მოთხოვნა შპს „ .. ..-ის“ ჩოხატაურის ფილიალისათვის ტრანსპორტის დაქირავების ხარჯების _ 3500 ლარის, არაკანონიერად დაქვითული პენსიის _ 2000 ლარის, ძარცვის დროს წართმეული 1500 ლარისა და მორალური ზიანის _ 10000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ტ. III, ს.ფ. 33-36).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ი-აძემ (ტ. IV, ს.ფ. 7-8, 15).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ბ. ი-აძის სააპელაციო საჩივარი ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება ბ. ი-აძეს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2006 წლის 18 დეკემბერს, ხოლო ამ უკანასკნელმა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2007 წლის 14 აგვისტოს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დარღვევით (ტ. IV, ს.ფ. 35-38).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ი-აძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ 24 დეკემბერს მიიიღო სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მას განემარტა, რომ დააგვიანა პასუხის შეტანა, რის გამოც განუხილველად უტოვებდნენ სააპელაციო საჩივარს, მაგრამ სინამდვილეში 12 დღის ვადა მიეცა, რომ პასუხი გაეცა, მას კი ორი დღეც არ დაუგვიანია, ვინაიდან თავად ჩქარობდა, როგორმე დასრულებულიყო სასამართლო (ტ. IV, ს.ფ. 44).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ი-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინება უცვლელად დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება ბ. ი-აძეს გაეგზავნა 7 დეკემბერს და ჩაბარდა 2006 წლის 18 დეკემბერს (იხ. ტ. III, ს.ფ. 38), ხოლო სააპელაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ბ. ი-აძემ 2007 წლის აგვისტოში შეიტანა (იხ. ტ. IV, ს.ფ. 6-8)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სამართლის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ. ი-აძემ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში მოიპოვება ბ. ი-აძის 2006 წლის 18 დეკემბრის სააპელაციო საჩივარი, რომელიც ბუნდოვანია და არ ირკვევა, რას ასაჩივრებს მისი ავტორი (იხ. ტ. II, ს.ფ. 1-2). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კერძო საჩივრის ავტორს მხედველობაში აქვს აღნიშული სააპელაციო საჩივარი, ამ შემთხვევაში მაინც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც მითითებულ სააპელაციო საჩივარზე წარმოება დასრულდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებით, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა და რომელიც ბ. ი-აძეს 2007 წლის 19 თებერვალს ჩაბარდა (იხ. ტ. II, ს.ფ. 11-13, 15).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ი-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.