Facebook Twitter

ას-56-390-09 26 მარტი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – პ. კ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ბ-ია

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ბ-იასა და ნ. ფ-უას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, პ. კ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2008 წლის 10 ნოემბერს პ. კ-იამ განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ. მან მიუთითა, რომ ჟ. ბ-იას მიერ სასამართლოზე წარდგენილი დოკუმენტი, რის საფუძველზეც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, ყალბია, კერძოდ, ქ. თბილისის კიროვის რაიონის სახალხო სასამართლოს 1988 წლის 3 ივნისის განჩინებით მხარეები მორიგდენენ, რომლის თანხმად ჟ. ბ-ია კისრულობდა ვალდებულებას, ფართის მიღებისთანავე შვილთან - ნ. ფ-უასთან ერთად გადავიდოდა ბინიდან. 2000 წელს ჟ. ბ-იამ ... ქ. ¹26-ში მიიღო ბინა, რომელშიც ჩაეწერა მხოლოდ თვითონ, შვილი კი მასთან დატოვა. ამდენად მორიგების განჩინებაში აღნიშნული პირობა არ შეასრულა. საოლქო სასამართლოს 2003 წლის 22 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა ბ-იას მიერ წარდგენილმა გამგეობის მიერ გაცემულმა ყალბმა წერილმა ჟ. ბ-იას მიერ მიღებული ბინის ავარიულობის შესახებ. ... ქ. ¹26-ში მდებარე ჟ. ბ-იას მიერ დაკავებული ფართის ავარიულობის აქტი არ არსებობს არც გამგეობაში და არც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. ჟ. ბ-იამ სასამართლოზე წამოადგინა ცნობა, რომ მიღებული ბინა ავარიულია და ამიტომ იქ არ ცხოვრობს. ფაქტობრივად კი, იგი ამ ბინაში ცხოვრობდა და ცხოვრობს დღესაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით პ. კ-იას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენა და განცხადების წარმოდგენა სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით, კერძოდ, მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით პ. კ-იას განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პ. კ-იამ მიმართა სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ მას არ წარმოუდგენია განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პ. კ-იამ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებაში მითითებულია, რომ მას არ წარმოუდგენია განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, რაც არასწორია. მის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო საქმის წარმოების განახლებისთვის. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ პ. კ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით პ. კ-იას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენა და განცხადების წარმოდგენა სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით, კერძოდ, მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალდებულებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება არ დაიშვება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განმცხადებელმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და არ წარმოადგინა დაზუსტებული განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი განცხადება განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პ. კ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.