Facebook Twitter

¹ას-564-947-06 1 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ს-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. .. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი – სახელფასო და საშვებულებო დავალიანების გადახდა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ .. .. ..” წინააღმდეგ სახელფასო და საშვებულებო დავალიანების გადახდის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001 წლის 1 ივლისიდან გაფორმებული აქვს მოპასუხესთან შრომითი კონტრაქტი. კონტრაქტს ვადა გაუვიდა 2005 წლის 2 ივლისს. სს “ .. .. ..” მის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 279,44 ლარი. მოპასუხე ორგანიზაციამ იგი უკანონოდ გაუშვა უხელფასო შვებულებაში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა იძულებითი განაცდურის – 845 ლარის ანაზღაურებაც.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _279,44 ლარის გადახდა. უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში თანხის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ი. ს-მა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 845 ლარს. ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ს-მა და მიუთითა, რომ მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება არა მარტო თანხის დაკისრების ნაწილში, არამედ სააპელაციო საჩივარში მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზეც. აქედან გამომდინარე, მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა სააპელაციო სასამართლომ განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _279,44 ლარის გადახდა. უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში თანხის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში თანხის ანაზღაურების ნაწილში გაასაჩივრა ი. ს-მა, ე.ი. დავის საგნის ღირებულება შეადგენს გასაჩივრებულ 845 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.