Facebook Twitter

¹ას-567-797-08 19 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ა-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ა-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ი. ა-შვილის, მესამე პირების, ნოტარიუსების – ნ. ბ-ძისა და ნ. კ-შვილის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი არის აწ გარდაცვლილი შ. ა-შვილის შვილი და ერთადერთი მემკვიდრე. ვინაიდან დედამისი ვ. ა-შვილი 1983 წლიდან განქორწინებული იყო მამამისთან და მოსარჩელე იმ დროისათვის იყო არასრულწლოვანი, იგი არ იყო უფლებამოსილი, მოეთხოვა მამის – შ. ა-შვილისა და ბიძის – ე. ა-შვილის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. იგი 2000 წელს გახდა სრულწლოვანი და მიეცა უფლება, კანონიერად მოეთხოვა მამის - შ. ა-შვილისა და ბიძის - ე. ა-შვილის სახელზე რიცხული ქონება, მაგრამ დედის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ამის განხორციელება. მოგვიანებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონის ნოტარიუსს, რათა გადაეფორმებინა თავის სახელზე მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება, აგრეთვე მიმართა გარდაბნის რაიონის სოფ. ......... ნოტარიუსს, ე. ა-შვილის სიცოცხლის პერიოდში მამისთვის 55000 რუსულ მანეთად მიყიდული წილის სამკვიდრო ქონების თავის სახელზე გადაფორმებისათვის მათ მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მას ორივე ნოტარიუსმა განუცხადა უარი სამკვიდროს გადაფორმებაზე იმ მოტივით, რომ სამკვიდროს მიღების 6 - თვიანი ვადა გაშვებული იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქმე მ. ა-შვილის სარჩელისა გამო, მოპასუხე ი. ა-შვილის, მესამე პირების - ნ. ბ-ძისა და ნ. კ-შვილის მიმართ განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ. ა-შვილის სასარჩელო მოთხოვნა და გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა ექვსი თვით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ი. ა-შვილმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: გარდაბნის რაიონში, სოფ. ......... მდებარე ბინა აღირიცხა თანაბარ წილად 1\2-1\2 საკუთრების უფლებით მ. და ი. ა-შვილების სახელზე, დადგინდა, რომ აღნიშნული ბინა უნდა დაიკეტოს, არც ერთმა მხარემ ისარგებლოს, გაიყიდოს ერთობლივად და თანხა გაიყოს შუაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება მოხდეს ექვსი თვის შემდეგ სადავო ბინის გაყიდვით; გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება; შეწყდა საქმის წარმოება.

2006 წლის 24 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ა-შვილმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის განჩინების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2006 წლის 20 ივლისს ბინის ყიდვის მსურველის მისვლისას სადავო საცხოვრებელ სახლში. საქმეში წარმოდგენილ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1988 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამავე სასამართლოს 1988 წლის 6 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. და ი. ა-შვილებს თანაბარწილად გადმოეცათ სადავო სახლის ნაწილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც სასამართლო სხდომაზე და არც მორიგების აქტის შედგენისას, იგი არ იყო მიწვეული კანონით დადგენილი წესით, რითაც დაირღვა მისი უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ა-შვილმა მოითხოვა აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით ნ. ა-შვილის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქლაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ა-შვილმა. მან მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ისე დაამტკიცა მორიგება სამკვიდრო ქონების გაყოფის შესახებ, რომ არც დაინტერესებულა, თუ ვისი საკუთრება იყო აღნიშნული ქონება და ვის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს შეიძლებოდა შეხებოდა ეს განჩინება. როგორც სასამართლომ დაასკვნა, განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მისი თანასაკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხულია მორიგების დამტკიცების შემდეგ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეუძლიათ შეიტანონ მხარეებმა და მესამე პირებმა, აგრეთვე, იმ პირებმა, რომლებიც, მართალია, არ იყვნენ საქმეში ჩაბმული არც მხარედ და არც მესამე პირად, მაგრამ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებულია ამ პირზე და განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობანი ერთ-ერთ მხარესთან მიმართებაში.

მ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მისი აწ გარდაცვლილი მამის _ შ. ა-შვილის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება. აღნიშნულ დავაში მოპასუხედ მითითებულ იქნა შ. ა-შვილის კანონისმიერი მემკვიდრე ირაკლი ამირანაშვილი.

დადგენილია, რომ ნ. ა-შვილი გარდაბნის რაიონის სოფელ ......... მდებარე ბინის თანამესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა 2006 წლის 18 აგვისტოს, ამ დრომდე საჯარო რეესტრში არ აღრიცხულა საკუთრების უფლებით. განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ მიღებულია 2005 წლის 18 თებერვალს. ამდენად, სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების დროს ნ. ა-შვილი არ იყო აღრიცხული ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს არ გააჩნდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, გადაეწყვიტა საქმეში ნ. ა-შვილის მოპასუხედ ან მესამე პირად ჩართვის საკითხი. ის ფაქტი, რომ ნ. ა-შვილი მორიგების დამტკიცების შემდეგ აღირიცხა სადავო ბინის თანამესაკუთრედ, არ წარმოადგენს მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს, ამდენად თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი და არ დააკმაყოფილა ნ. ა-შვილის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ნ. ა-შვილი არ არის უფლებამოსილი პირი ამ დავაში, ვინაიდან, იგი არ არის შ. ა-შვილის მემკვიდრე და სადავო ურთიერთობის სუბიექტი. აქედან გამოდინარე, იგი არ წარმოადგენს არც მოპასუხეს და არც მესამე პირს, რის გამოც მისი მოწვევის ვალდებულება სასამართლოს არ გააჩნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ა-შვილის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრვი საფუძველი, რის გამოც თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.