ას-568-876-09 20 ივლისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. გ-იE(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების გამოტანისას ი. გ-ს ფინანსური მდგომარეობა აძლევდა ზემოხსენებული თანხის გადახდის შესაძლებლობას, თუმცა ამჟამად მოსარჩელის ხელფასი 200 ლარს შეადგენს, მის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი მშობლებიც და, შესაბამისად, ზემოხსენებული თანხა უნდა შემცირდეს თვეში 50 ლარამდე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელფასო ცნობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ალიმენტის ოდენობის შემცირებას ითხოვს, რეალობას არ შეესაბამება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. გ-ს ნ. მ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ გ. გ-ის აღსაზრდელად შეუმცირდა ალიმენტი 130 ლარამდე, დამატებით 80 ლარით ალიმენტის ოდენობის შემცირებაზე კი მოსარჩელეს ეთქვა უარი, რაც ი. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლისა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმის ზეპირი განხილვისას გამოიკვეთა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს ნ. მ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ გ. გ-ის აღსაზრდელად ალიმენტის ოდენობა 130 ლარამდე შეუმცირდა, დარჩენილი 80 ლარის შემცირების ნაწილში კი, მოთხოვნას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. პალატის მითითებით, მართალია, სააპელაციო საჩივარში მხარემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მთლიანად ასაჩივრებდა, თუმცა საქმის განხილვისას გაირკვა, რომ მისი ინტერესია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ანუ ალიმენტის შემცირება იმ 80 ლარითაც, რა ნაწილშიც სარჩელს უარი ეთქვა, შესაბამისად, აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ალიმენტის 80 ლარით შემცირება, რის საფუძველზეც სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 960 ლარს. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ი. გ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება დასაშვებ ზღვარზე ნაკლებია, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. გ-ის წარმომადგენელმა თ. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის დაბრუნება არსებითად განსახილევლად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო საჩივარში და სასამართლო სხდომაზეც აპელანტი მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა არა 960 ლარს, როგორც ეს პალატამ ჩათვალა, არამედ 2600 ლარს, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო სარჩელის სრულად დაკმაყოფილება _ ალიმენტის ოდენობის 300 ლარიდან 50 ლარამდე შემცირება. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი საქმის ზეპირი განხილვის დროს გამოვლინდა. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და 374-ე მუხლები, ვინაიდან არ ჰქონდა უფლება, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ განეხილა.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ი. გ-მა ნ. მ-ის მიმართ აღძრულ სარჩელში მოითხოვა მხარეთა არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის _ 300 ლარის 50 ლარამდე შემცირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. გ-ს ალიმენტის ოდენობა შეუმცირდა 130 ლარამდე, ხოლო აღნიშნული ოდენობის დამატებით 80 ლარით შემცირებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, რაც ი. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გადაწყვეტილების სრულად გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის წარმომადგენელ თ. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის მოსაზრება, რომ ი. გ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2600 ლარს შეადგენს, ვინაიდან მოცემული დავა ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ალიმენტის გადახდევინებას და მისი ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელთა შესაბამისად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამასთან, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს მის მიერ მანამდე წარმოებაში მიღებული სააპელაციო საჩივარი, თუ მისი განუხილველად დატოვების წანამძღვრები გამოვლინდება მას შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას აპელანტს ფაქტობრივად დააზუსტებინა მოთხოვნა, რის შედეგადაც გამოვლინდა ი. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ:
საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად შეუმცირა ალიმენტის გადახდა 130 ლარამდე, ხოლო ალიმენტის ოდენობის 80 ლარით შემცირებაზე უარი უთხრა. სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ი. გ-ის “სარჩელი იმ 80 ლარის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო”, ხოლო მოსამართლის შეკითხვაზე აპელანტმა ი. გ-მა დაადასტურა, რომ მისი სურვილი იყო სარჩელით სადავო 130 ლარს გამოაკლდეს დამატებით 80 ლარიც (იხ. 2005 წლის 25 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 144). ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ საქალაქო სასამართლოს მიერ შემცირებული ალიმენტის ოდენობის _ 130 ლარის გარდა ყოველთვიური ალიმენტის კიდევ 80 ლარით შემცირებაზე უარის თქმას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას წარმოადგენდა ალიმენტის ყოველთვიურად 80 ლარით შემცირება, რაც ერთი წელზე გათვლით შეადგენს 960 ლარს. აღნიშნულის გამო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-ის წარმომადგენელ თ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.