საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№387აპ-17 ქ. თბილისი
მ-ა დ, 387აპ-17 30 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დ. მ-ა, –ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. დ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19.379-ე მუხლის პირველ ნაწილზე. დ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.379-ე მუხლის პირველ ნაწილით და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის - 500 ლარი ჯარიმის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. მ-ას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით. დ. მ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 17 მაისიდან.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება:
დ. მ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ. მ-ას გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლზე მითითება და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველ ნაწილზე. დ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის - 500 ლარი ჯარიმის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. მ-ას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით. დ. მ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 17 მაისიდან.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2016 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ქურდობისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა დ. მ-ამ 2016 წლის 15 მაისს -ის რაიონის სოფელ რ-ში მდებარე სს „ლ -ის“ შენობაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ლ -ის“ კუთვნილ თანხას - 2134 ლარს და 1846 ლარად ღირებულ კომპიუტერულ ტექნიკას, რითაც აღნიშნულ ორგანიზაციას მიაყენა 3980 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 15 მაისს -ის რაიონის სოფელ -ში მდებარე სს „ლ -ის“ ოფისიდან თანხისა და სხვა მატერიალური ფასეულობის ქურდობის ფაქტზე 2016 წლის 17 მაისს ბრალდებულად დააკავეს დ. მ-ა, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ავტომანქანით უნდა გადაეყვანათ. ბრალდებულის გადაყვანის მიზნით თანამშრომლებმა: გ. ნ-მა, დ. მ-ემ და გ. კ-ამ „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, შუა ადგილას, ჩასვეს დ. მ-ა. მის გვერდით, მარცხენა მხარეს, დაჯდა დ. მ-ე, ხოლო მარჯვენა მხარეს - გ. ნ-ი. საჭესთან დაჯდა გ. კ-ა. დ. მ-ამ მოიფიქრა ძალადობის გამოყენებით დაკავების ადგილიდან გადაყვანის გაქცევა. ამ მიზნით იგი -ის რაიონის სოფელ რ-ის ტერიტორიაზე ხელით მისწვდა მოძრავი ავტომანქანის საჭეს, მძღოლის ნების საწინააღმდეგოდ, საჭე მარჯვნივ მოუხვია, რის გამოც ავტომანქანამ დაკარგა მართვა, გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს, ჩავარდა წყალსაწრეტ არხში და შეეჯახა ბორდიურს, რის შემდეგაც ბრალდებული დ. მ-ა გაიქცა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს დ. მ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში. კასატორის მითითებით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დ. მ-ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა დასტუდება. დ. მ-ას პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ერთი კუბოკრული ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო შავი კომპიუტერის პროცესორი წარწერით “hp,” შავი კომპიუტერის პროცესორი წარწერით „accer,” შავი კომპიუტერის მონიტორი წარწერით “DELL,” შავი ვიდეოთვალი, ასევე ე.წ. „ქარდ რიდერი,“ მეხსიერების ბარათის მსგავსი მოწყობილობა და ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი. კასატორი არ ეთანხმება განაჩენში მითითებულ გარემოებას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმ ნივთების იდენტიფიცირება, რომლებიც დ. მ-ასგან ამოიღეს, ვინაიდან, მართალია, ნივთიერი მტკიცებულებების გასხნისა და დათვალიერების ოქმი საპროცესო ნორმების დარღვევით შედგა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და დ. მ-ას პირადი ჩხრეკის ოქმების თანახმად, დასტურდება ზემომითითებული გარემოება.
6. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დ. მ-ამ ყველაფერი გააკეთა თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. იგი გასცდა ავტომანქანას, რომლითაც მისი ბადრაგირება ხორციელდებოდა და შეძლო, ემოქმედა შეხედულებისამებრ. სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობასთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოსამართლემ მხოლოდ დამდგარი შედეგი შეაფასა, მაშინ, როდესაც დ. მ-ამ მძღოლს საჭეზე ხელი აუკრა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამდენად, იგი ითვალისწინებდა ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში დეტალურად არის მითითებული ყველა იმ მოტივზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. მ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი. ამოღებული ნივთების დათვალიერებისა და ამოცნობის კანონით დადგენილი წესით ჩატარების შემთხვევაშიც კი მხოლოდ ბანკიდან მოპარული ნივთების დ. მ-ასგან ამოღება, სხვა უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას პირის მსჯავრდებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს დ. მ-ას ქმედების სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე