ას-569-910-07 3 ოქტომბერი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე –ფონდი ,,.. ..” ზუგდიდის ფილიალი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი –თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 15 თებერვალს ფონდი ,,.. ..” წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მომართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს და განმარტა, რომ 2005 წლის 18 ოქტომბერს ფონდ ,,.. ..სა” და ვ. ს-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად 2005 წლის 12 ოქტომბერს კანონით გათვალისწინებული სანოტარო ფორმით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,ს...ის” საკუთრებაში არსებული მაღაზია. მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხე ვ. ს-ს დაეკისროს 3160,5 აშშ დოლარის გადახდა და მოხდეს დავალიანების დასაფარავად შპს ,,ს...ის” საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაში მიქცევა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფონდი ,,.. ..” სარჩელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით ვ. ს-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ვ. ს-ს ჩაბარდა 2007 წლის 2 მაისს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2007 წლის 16 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2007 წლის 18 მაისს კანონმდებლობით დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ს-ს სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი, ვინაიდან .შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ს-მ და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, თუ როდის მოხდა მასზე გზავნილის ჩაბარება, ხოლო სააპელაციო საჩივარზე მითითებული თარიღი 18.05.07 წარმოადგენს მბეჭდავის შეცდომას და არა შეტანის თარიღს.
აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ვ. ს-ს ჩაბარდა 2007 წლის 2 მაისს, (ს.ფ40) სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2007 წლის 16 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2007 წლის 18 მაისს. (ს.ფ.44) სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით ვ. ს-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა Dშეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებად ითვლება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვ. ს-მ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ და შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ სააპელაციო საჩივარზე მითითებული თარიღი 18.05.07 წარმოადგენს მბეჭდავის შეცდომას და არა შეტანის თარიღს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ს-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.