ას-570-878-09 6 ივლისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (განმცხადებლები) _ ზ. და მ. ჩ-ები (წარმომადგენელი მ. ჯ-ე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჩ-ი
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო _ სსიპ “ .. ..”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ქმედუუნაროდ აღიარება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 27 ნოემბერს გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს კასპის მუნიციპალიტეტში განცხადებით მიმართეს ზ. და მ. ჩ-ებმა და მოითხოვეს ი. ჩ-ის ქმედუუნაროდ აღიარება.
განმცხადებლები თავიანთ მოთხოვნას ასაბუთებენ იმით, რომ ი. ჩ-ი არის ავად, 1964 წლიდან იმყოფება ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე დიაგნოზით – ორგანული პიროვნული აშლილობა. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში წერს საჩივრებს, ითხოვს გაუგებარ კომპენსაციას და ზიანის ანაზღაურებას, იმუქრება ფიზიკური განადგურებით, არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი (ტომი 1, ს.ფ. 1-7).
კასპის მუნუციპალიტეტში გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. და მ. ჩ-ების განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, ქმედუნარიანობა არის სრულწლოვანი ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 22 იანვრის დასკვნით დადგენილი იყო, რომ ი. ჩ-ს შეუძლია, შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ი. ჩ-ს აღენიშნებოდა გარკვეული ფსიქიკური ნაკლი, ეს არ გამორიცხავდა მის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების უნარის ქონას. იგი წარმოადგენდა ქმედუნარიან პირს და შესაბამისად, ზ. და მ. ჩ-ების მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი 1. ს.ფ. 108-109).
2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და მ. ჩ-ებმა და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
აპელანტებმა მიუთითეს, რომ მათ იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მოპასუხე ი. ჩ-ის ქმედუუნაროდ აღიარება, ვინაიდან იგი არის ავად, 1964 წლიდან იმყოფება ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით. ასევე არსებობს მისი ხელით დაწერილი განცხადება, სადაც აღიარებს ავადმყოფობას. ექსპერტის დასკვნის შეფასებასთან დაკავშირებით მათ მიმართეს ... ინსტიტუტს, რომელმაც შეისწავლა წარდგენილი დასკვნა და მიიჩნია, რომ საჭიროა ჩატარდეს სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა გამოსაკვლევი პირის არაერთჯერადი ამბულატორიული გამოკვლევით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიმართეს დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (ტომი 1. ს.ფ. 115-121).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 23 აპრილს 13.00 საათზე.
2009 წლის 23 აპრილს ზ. და მ. ჩ-ების წარმომადგენელმა მ. ჯ-მ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება საქმის გადადების თხოვნით, იმ მოტივით, რომ იგი 2009 წლის 23 აპრილს მონაწილეობას ღებულობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომაზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე ი. ჩ-მა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 23-27).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით მ. და ზ. ჩ-ების სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო თუ მოპასუსუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ მ. და ზ. ჩ-ებს და მათ წარმომადგენელს ეცნობათ სასამართლოს სხდომის დრო და ადგილი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვის დღეს სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ იმავე დღეს იგი იმყოფებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ჯ-ის მიერ წარდგენილი სასამართლო უწყება არ იყო დადასტურებული სასამართლოს უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, სასამართლოდან უწყების გაგზავნის დღედ მითითებული იყო 3 აპრილი, რომლის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჯ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, აღნიშნული დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მხარეთა დროული ინფორმირება და პროცესის ორგანიზება (ტომი 2 ს.ფ. 31-34).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. და მ. ჩ-ებმა (წარმომადგენელი მ. ჯ-ე), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მათი დასწრება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან მათი წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოში ღებულობდა მონაწილეობას სასამართლო პროცესზე, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება და სხვა პროცესზე მონაწილეობის დამადასტურებელი სასამართლო უწყება (ტომი 2, ს.ფ. 55-59).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. და მ. ჩ-ების (წარმომადგენელი მ. ჯ-ე) კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 აპრილის განჩინებით მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 23 აპრილს 13.00 საათზე. საქმის განხილვის დღეს აპელანტების წარმომადგენელმა მ. ჯ-მ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ საფუძვლით, რომ იმავე დღეს მონაწილეობას იღებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში სხვა საქმის განხილვაში. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმომადგენელმა განცხადებას თან დაურთო სასამართლო უწყება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებული ნორმების გამოყენებისას არსებითია იმის გარკვევა, აქვს თუ არა ადგილი დაუძლეველ ძალას ან სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ხელის შემშლელ გარემოებას, რაც გამორიცხავს საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას (ისევე როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელის განუხილველად დატოვებას).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის ხელის შემშლელი გარემოება, კერძოდ, მათი წარმომადგენლის მიერ წარდგენილია განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ, რასაც თან ერთვის სასამართლო უწყება, რომლითაც დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი იმავე დღეს მონაწილეობას იღებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში სხვა საქმის განხილვაში (ტომი 2, ს.ფ. 27,28). საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნული უწყების ნამდვილობის გაუზიარებლობის შესახებ. კერძო საჩივარს თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ ამ სასამართლოში იმავე 23 აპრილს 13.00 საათზე ნამდვილად იღებდა მონაწილეობას წარმომადგენელი მ. ჯ-ე სასამართლო სხდომაზე. ამდენად, ამ შემთხვევაში არსებობდა მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის ხელის შემშლელი გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. და მ. ჩ-ების (წარმომადგენელი მ. ჯ-ე) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.