Facebook Twitter

¹ას-571-912-07 14 ნოემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ბ-ს წარმომადგენლის მ. ო-ს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ ბ. ბ-ს სარჩელის გამო მოპასუხე ვ. კ-სა და ლ. ჯ-ე-რ-ის მიმართ ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 5 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. ბ-მა ვ. კ-სა და ლ. ჯ-ე-რ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მათ უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთების გამოთხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-ს წარმომადგენელმა მ. ო-მა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 აპრილის განჩინებით საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსება დაევალა და, ამასთან, ხარვეზის შეუვსებლობის კანონით გათვალისწინებული შედეგები განემარტა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით ბ. ბ-ს წარმომადგენლის მ. ო-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელნტს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაუგრძელდა. ამავე პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ... სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დაევალა სასამართლოს განჩინების ჩაბარება ბ. ბ-სა და მ. ო-ზე. 2007 წლის 15 მარტს მ. ო-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - ერთი ლ. და 90 თეთრის გადახდის ქვითარი, ნაცვლად იმისა, რომ წარმოედგინა სადავო ნივთების შეფასების აქტი და ამ აქტის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადა გაუშვა და 2007 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

ბ. ბ-ს წარმომადგენელმა მ. ო-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ბ. ბ-ს წარმომადგენელ მ. ო-ს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ადვოკატის ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინება მხარეებს გაეგზავნათ 2007 წლის 24 ივლისს. ვინაიდან საფოსტო შეტყობინებიდან ვერ დადგინდა განჩინების მხარეთათვის ჩაბარების ზუსტი თარიღი, ხარვეზის განჩინება მხარეებს 2007 წლის 16 ოქტომბერს ხელახლა გაეგზავნათ. როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, განმეორებით გაგზავნილი ხარვეზის განჩინება ბ. ბ-ს 2007 წლის 20 ოქტომბერს ჩაჰბარდა, ხოლო გიული ლომიძეს კი _ 2007 წლის 24 ოქტომბერს. რაც შეეხება ბ. ბ-ს კანონიერ წარმომადგენელ მ. ო-ს, მან, როგორც საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, მისამართი შეიცვალა, რის თაობაზეც სასამართლოს არ აცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ბ. ბ-ს წარმომადგენელ მ. ო-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ხარვეზის განჩინება ბ. ბ-მა 2007 წლის 20 ოქტომბერს ჩაიბარა, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად მიცემული 10-დღიანი ვადა 30 ოქტომბერს ამოეწურა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორს, ბ. ბ-ს წარმომადგენელ მ. ო-ს, მას ხარვეზის განჩინება კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ.ქუთაისი, ი.ჯ-ს I შესახევევი, 22/45) გაეგზავნა. როგორც საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, მ. ო-ს ხარვეზის განჩინება ვერ ჩაჰბარდა საცხოვრებელი მისამართის შეცვლისა და საცხოვრებლად სოფელში გადასვლის გამო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ, ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ხარვეზის განჩინება მ. ო-სათვის ჩაბარებულად ითვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ს წარმომადგენელ მ. ო-ს კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 76-ე, 284-ე, 396-ე, 419-ე, 420 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ-ს წარმომადგენლის მ. ო-ს კერძო საჩივრი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.