Facebook Twitter

¹ას-57-341-08 16 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლალი ლაზარაშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. წ-ი, ა. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გაკოტრების მასიდან ქონების ამორიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1999 წლის 16 აპრილს შპს «....ისა» და ....... ფონდის წევრთა უფლებების დაცვის საზოგადოების წევრმა მ. ა-მა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შპს «....ის» გაკოტრების შესახებ განცხადებით მიმართა. განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს «....ი» ვეღარ ახერხებდა საზოგადოებაში შეტანილი თანხებისა და სარგებლის დაბრუნებას. ამასთან, კრედიტორთა გარკვეულმა ჯგუფმა ვალის დაბრუნების შესახებ სარჩელით მიმართა სასამართლოს. აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა და აღსრულებას ექვემდებარებოდა, რითაც დაუცველი რჩებოდა დანარჩენი 12 000 კრედიტორის ინტერესები. განმცხადებელმა, ასევე, მიუთითა, რომ გამართლებული იყო საზოგადოების სანაციის შესაძლებლობის განხილვა და მოითხოვა გაკოტრების საქმეთა წარმოების გახსნა, აგრეთვე მოვალის წინააღმდეგ დაწყებული ყოველგვარი აღსრულებითი ღონისძიების შეჩერება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 21 აპრილის განჩინებით აღნიშნული განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, შპს «......ის» დირექტორს დაევალა 6 კვირის ვადაში სანაციის გეგმისა და შპს «.......ის» ქონების სრული ჩამონათვალის, კრედიტორთა და მევალეთა ნუსხის წარდგენა. შპს «........ის» მიმართ ადრე გამოტანილი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულება შეჩერდა.

იმავე სასამართლოს 1999 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს «........ის» მიმართ გაკოტრების საქმის გახსნა სამი თვით შეჩერდა, მოვალეს სასამართლოს გარეშე სანაციის შესაძლებლობა მიეცა, დაინიშნა გაკოტრების დროებითი მმართველი და დაევალა საწარმოს სანაციისათვის ზომების მიღება.

1999 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს შპს «.......ის», სს «დ-ს», ...... ფონდის თბილისში მცხოვრებ მეანაბრე-კრედიტორთა საინიციატივო ჯგუფის – კრედიტორთა კომიტეტის წევრებმა. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ შპს «.....ის» დამფუძნებლები, სხვა საქმიანობასთან ერთად, მათ მიერვე დაფუძნებულ კომერციულ ბანკებში ფიზიკურ პირთა ანაბრების მოზიდვას ახდენდნენ, ყოველთვიურად 7%-ის დარიცხვის პირობით. 1997 წლის ბოლოს სრულიად შეწყდა როგორც დივიდენდების, ისე ძირითადი თანხის გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეანაბრეთა გარკვეულმა ნაწილმა სარჩელი აღძრა ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში. სწორედ ამ დროს მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამ საზოგადოების ქუთაისში მცხოვრებ კრედიტორთა განცხადება, საზოგადოების გაკოტრების შესახებ, მიღებული იყო წარმოებაში. აღნიშნულის შედეგად, შეჩერდა მათ სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე დიდუბე-ჩუღურეთის რიონულ სასამართლოში შეტანილი კრედიტორთა სარჩელების განხილვაც. თბილისში მცხოვრებმა მეანაბრეებმა კრებაზე, თავიანთი ინტერესების დაცვის მიზნით, საინიციატივო ჯგუფი აირჩიეს. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ მოვალემ, «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თბილისში მცხოვრებ კრედიტორთა ნუსხა არ წარადგინა. ამასთან, საზოგადების სანაციის განხორციელება არარეალური და უპერსპექტივო იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «......ის», სს «დ-ს «, ....... ფონდის თბილისში მცხოვრებ მეანაბრე-კრედიტორთა საინიციატივო ჯგუფის – კრედიტორთა კომიტეტის წევრებმა შპს «.....ის» გაკოტრებულად გამოცხადება, ასევე თბილისსა და ქუთაისში მდებარე ქონების სამართავად, ცალ-ცალკე მუდმივი მმართველების დანიშვნა მოითხოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, შპს «......ის» მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის დადგენილებით მოვალის, ნ. ლ-ის მიერ წარდგენილი საგაკოტრებო მორიგება დამკიცდა შემდეგი პირობებით:

ა) დადგინდა ვალაუვალი მოვალის საწარმოს შპს «.....ის», ...... ფონდის საქმიანობის გაგრძელება რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელებით;

ბ) რეაბილიტაციის მმართველად ვალაუვალი მოვალე ნ. ლ-ე დამტკიცდა;

გ) შპს «.....ის» გაკოტრების მმართველები ა. მ-ე და კ. ლ-ი მმართველობიდან გათავისუფლდნენ;

ნ. ლ-ს დაევალა კვარტალში ერთხელ კრედიტორებზე თანხების განაწილება, სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობითა და თანმიმდევრობით, ბიზნეს-გეგმის შესაბამისად:

ა) ქუთაისში, ........ ქუჩა ¹ 40-ში მდებარე რიტუალების სახლის, ე.წ. ... უნივერმაღის, ........ ქ. ¹ 165-ში მდებარე ოროთახიანი ბინის, სტამბის, ........ ქ. ¹ 144-ში მდებარე მარკეტის, ........ ქ. ¹ 165-ში მარკეტის, ვერმიშელის საამქროს, ....... ტერიტორიის, აკუმულატორის ქარხნისა და ლომბარდის ამუშავების შედეგად მიღებული შემოსავლებით;

ბ) ქ. თბილისში, ........ ქ. ¹ 14ა-ში, ...... ქ. ¹ 17ბ-ში, ქ. თბილისში, ...... ქ. ¹3/1-ში და ........ მოედანზე ¹5/13-ში მდებარე ობიექტების, ზართის ჩაის ფაბრიკის დანადგარების, ქუთაისში, ........ ქ. ¹1-ში, ...... ქ. ¹ 21-ში მდებარე ობიექტების, უნივერმაღის საწყობების ამუშავების შედეგად მიღებული შემოსავლებით, ნ. ლ-ს, საქმიანობის პროცესში, წარმოების ეფექტიანად წარმართვის, ნებისმიერი ობიექტის იჯარით გაცემის ან რეალიზაციისათვის, კრედიტორთა კომიტეტთან შეთანხმებით, კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებითა და ობიექტების კვლავწარმოების მიზნით, პროგრამაში სათანადო ცვლილებების განხორციელების უფლება მიეცა.

2007 წლის 3 მაისს, დაზარალებულმა კრედიტორებმა და მათი ინტერესების დამცველი რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარე ნ. წ-მა, თერჯოლის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს. განმცხადებლებმა გაკოტრების მასიდან ნ. და თ. ლ-ების კუთვნილი ქონების ამორიცხვა მოითხოვეს.

აღნიშნულ განცხადებას, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 ივლისის განჩინებით წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა, ამასთან, მხარეების განემარტათ, რომ მითითებული დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში, მათ სასამართლოსადმი განმეორებით მიმართვის უფლება ჰქონდათ.

2007 წლის 12 აგვისტოს შპს «.......ისა» და ........ ფონდის დამფუძნებლების მიერ დაზარალებული, თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა უფლებების დაცვის რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარე ნ. წ-მა და კავშირის დამფუძნებელმა ა. მ-მ თერჯოლის რაიონულ სასამართლოს გაკოტრების მასიდან ქონების ამორიცხვის შესახებ განცხადებით მიმართეს. განმცხადებლებმა განმარტეს, რომ თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილებით, შპს «.......ის» მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა. აღნიშნული დადგენილებით, სასამართლომ გაკოტრების მასაში შეტანილად ჩათვალა თბილისში მდებარე უძრავი ქონება – ....... 3/1-ში და იმავე ქუჩაზე ¹1/3-ში მდებარე საცხოვრებელი ბინები. აღნიშნული ბინები არასოდეს ყოფილა საზოგადოების საკუთრება, ამასთან სასამართლოს მისამართი არასწორად აქვს მითითებული. ........ მოედანზე, ......... ქ. ¹ 5/13-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ნ. ლ-ს ეკუთვნოდა და ჯერ კიდევ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე გაასხვისა. ქ. თბილისში, ......... ¹1-ში მდებარე ბინა თ. ლ-ის საკუთრებადაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ხოლო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია. აღნიშნული ბინის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო არა შპს «....ის», არამედ, ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრისა და 25 ნოემბრის გადაწყვეტილებათა საფუძველზე, თ. ლ-ის პირადი ვალების დასაფარავად. .......... 144/2-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი ასევე არ ეკუთვნის საზოგადოებას და ნ. ლ-ის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო ......... ქ. ¹10-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართობი ამჟამად ასევე სხვა პირის საკუთრებაშია, ნ. ლ-ე კი კრედიტორებს არ დაჰპირებია, რომ ამ ფართს დაიბრუნებდა, შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული ქონების გაკოტრების მასაში შეტანის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა გაკოტრების მასიდან შემდეგი უძრავი ქონების ამორიცხვა მოითხოვეს:

1. ........ 144/2-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის;

2. თბლისში, ......... ქ. ¹1-ში (......... ¹3/1-ში) მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის;

3. თბლისში, ....... ქ. ¹5/13 მდებარე საცხოვრებელი ფართის;

4. თბილისში, ........ ქ. ¹10-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «......-ისა» და ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდის დამფუძნებლების მიერ დაზარალებული, თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა უფლებების დაცვის რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარე ნ. წ-ისა და კავშირის დამფუძნებელის _ ა. მ-ის განცხადება, გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქონების გაკოტრების მასაში არსებობა ეჭვს არ იწვევდა, ამასთან თავად ა. მ-ე, როგორც გაკოტრების მმართველი, ვალდებული იყო, მოეძიებინა და მასაში შეეტანა როგორც შპს «.......ისა» და ....... ფონდის, ისე მათ დამფუძნებელთა სახელზე რიცხული ქონება.

2007 წლის 10 ოქტომბერს შპს «........ისა» და ....... ფონდის დამფუძნებლების მიერ დაზარალებული, თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა უფლებების დაცვის რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარე ნ. წ-მა და კავშირის დამფუძნებელმა ა. მ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართეს. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო იყო, რადგან სასამართლომ არ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სადავო ქონება შპს «.......ის» საკუთრება არასოდეს ყოფილა და ამდენად, იძულებით აღსრულების შეჩერება მათზე არ უნდა გავრცელებულიყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლო მთლიანად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ განმცხადებელთა მიერ მითითებული ქონება გაკოტრების მასაში შეტანილი იყო არა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის, არამედ იმავე სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის განჩინებით, რომლის საფუძველზეც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 ნოემბრის განჩინება უცვლელად დარჩა. აღნიშნული განჩინებით დასტურდება, რომ 1999 წლის 30 ივლისის აქტით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ოთხივე სადავო ობიექტი შეტანილი იყო გაკოტრების მასაში.

სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1991 წლის 21 აპრილის განჩინებით, განცხადება შპს «........ის» გაკოტრების თაობაზე, წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო იმავე სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და აღნიშნა, რომ «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-7 და მე-13 მუხლების საფუძველზე, ეს ფაქტობრივი გარემოებები სწორად იქნა შეფასებული.

2008 წლის 8 იანვარს ნ. წ-მა და ა. მ-მ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართეს. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც აღსრულება უნდა შეჩერებულიყო საზოგადოების და არა მისი დამფუძნებლების პირად ქონებაზე. გაკოტრების მასაში შეტანილი ოთხი ობიექტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ. და თ. ლ-ების სახელზე. რეესტრის მონაცემების მიმართ კი მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია. კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, სასამართლომ არ შეაფასა მათი განცხადება იმის შესახებ, რომ 1999 წლის 30 ივლისის აქტი დაინტერესებული პირების მიერ იყო შედგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმება და თ. ლ-ის სახელზე რიცხული ქონების: ........ მოედნის ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის, ასევე ........ გამზირზე, ¹144/2-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის გაკოტრების მასიდან ამორიცხვა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინებით ნ. წ-ისა და ა. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ა. მ-ისა და ნ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

კერძო საჩივრის ავტორები გაკოტრების მასიდან შემდეგი ობიექტების ამორიცხვას ითხოვენ:

1. ....... 144-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის;

2. თბლისში, ........ ქ. ¹1-ში (........... ¹3/1-ში) მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის;

3. თბლისში, ........ ქ. ¹5/13 მდებარე საცხოვრებელი ფართის;

4. თბილისში, ........ ქ. ¹10-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის.

მათი მითითებით აღნიშნული უძრავი ქონების გაკოტრების მასაში შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული ქონების გაკოტრების მასაში შეტანა სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა. მ-ე და ნ. წ-ი გაკოტრების საქმის წარმოების სუბიექტებს წარმოადგენდნენ და მათი მოთხოვნები შეტანილია გაკოტრების ტაბულაში.

საქმეში წარმოდგენილია 1999 წლის 30 ივლისის აქტი (ტ. 2, ს.ფ. 17), რომლის მიხედვითაც, თბილისში, ......... ¹1-ში მდებარე არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი ფართი, ასევე ........ ¹3-ში და ¹3/1-ში მდებარე «.....ის” რეზიდენცია შეტანილია გაკოტრების მასაში.

საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს «........ისა» და მის დამფუძნებელთა ქონების სრული ჩამონათვალი (ტ.1, ს.ფ. 14). აღნიშნულ ჩამონათვალში შეტანილია ........ მოედანზე ¹1-ში მდებარე ფონდის რეზიდენცია და იმავე მისამართზე განთავსებული საცხოვრებელი სახლები.

გარდა ამისა, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, კერძო საჩივარში მითითებული მესამე ობიექტი, ბანკი «.......ა», მდებარე ......... ქ. ¹10-ში, ასევე შეტანილია გაკოტრების მასაში (ტ. 3, ს.ფ. 91).

რაც შეეხება ......... 144/2-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართს, საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ ........ გამზირზე ¹144/2-ში მდებარე მაღაზია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეტანილი იყო გაკოტრების მასაში, ამდენად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გაკოტრების მასაში შეტანა 2003 წლის 21 ნოემბრის განჩინებით არ მომხდარა. სასამართლო აქტები, რომლითაც მათი გაკოტრების მასაში შეტანა მოხდა, არ გასაჩივრებულა შესაბამისი წესების დაცვით. «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კანონით დასაშვებია გაკოტრების სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება, მაშინ მის მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისად. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია ვალაუვალ მოვალეს, აგრეთვე იმ პირს, როლის მიმართაც გამოტანილია ეს დადგენილება ან რომელსაც უშუალოდ ეხება იგი. თუ დადგენილება გამოქვეყნებულია, მაშინ კერძო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება გამოქვეყნების დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ სასამართლო აქტების გასაჩივრების ვადები, რომლითაც კერძო საჩივარში მითითებული ობიექტების გაკოტრების მასაში შეტანა მოხდა, გასულია. ვინაიდან ნ. წ-ი და ა. მ-ე წარმოადგენდნენ გაკოტრების საქმის წარმოების სუბიექტებს, მათ გაკოტრების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები შეეძლოთ გაესაჩივრებინათ კანონით დადგენილი წესით.

რაც შეეხება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც შეჩერდა იძულებით აღსრულება კერძო საჩივარში მითითებულ უძრავ ქონებაზე, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული აქტი კერძო საჩივრის ავტორების – ნ. წ-ისა და ა. მ-ის მიერ გასაჩივრებული იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოში და აღნიშნული სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ კანონიერ ძალაშია შესული, ამდენად, მის კანონიერებაზე მსჯელობის საფუძველი არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. წ-ისა და ა. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.