ას-573-881-09 30 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს “...” ბანკი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სარჩელი სს “...” ბანკის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინებით ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ. მ-ის წარმომადგენელმა ვ. ბ-მა მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინების გამოტანისას სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ასლი ქ. მ-ის დას თ. მ-ს ჩაჰბარდა არა 2009 წლის 30 მარტს როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებულ განჩინებაში, არამედ 2009 წლის 13 აპრილს, ვინაიდან საფოსტო შეტყობინებაზე ჩაბარების თარიღი გაყალბებულია, ხოლო მას აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა ორგანიზაცია თNთ-ს გადაზიდვების მეთვალყურეობის საერთაშორისო სისტემის მიერ. თუმცა სასამართლო გზავნილის ჩაბარების თარიღის დადასტურების შესახებ მიმართვაზე, თNთ-მ მას სიტყვიერად განუმარტა, რომ ვერ მოიპოვეს რეესტრში თ. მ-ის ჩაბარების დასტური და შესაბამისად, წერილობით პასუხსაც ვერ გასცემდნენ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ამავე კოდექსის 374-ე მუხლი, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაში, მას საერთოდ არ უმსჯელია ქ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ქ. მ-ის წარმომადგენელ ვ. ბ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ასლი ქ. მ-ის დას თ. მ-ს ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა 2009 წლის 30 მარტს, (ტ. I ს.ფ172), ხოლო ქ. მ-მა სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2009 წლის 27 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2009 წლის 13 აპრილი.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ასლი ქ. მ-ის დას თ. მ-ს ჩაჰბარდა არა 2009 წლის 30 მარტს როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებულ განჩინებაში, არამედ 2009 წლის 13 აპრილს, ვინაიდან საფოსტო შეტყობინებაზე ჩაბარების თარიღი გაყალბებულია, ხოლო მას აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა ორგანიზაცია თNთ-ს გადაზიდვების მეთვალყურეობის საერთაშორისო სისტემის მიერ. თუმცა სასამართლო გზავნილის ჩაბარების თარიღის დადასტურების შესახებ მიმართვაზე, თNთ-მ მას სიტყვიერად განუმარტა, რომ ვერ მოიპოვეს რეესტრში თ. მ-ის ჩაბარების დასტური და შესაბამისად, წერილობით პასუხსაც ვერ გასცემდნენ. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკისრება თავად კერძო საჩივრის ავტორს, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში კი, ქ. მ-ის წარმომადგენელმა ვ. ბ-მა ვერ დაამტკიცა ის გარემოებანი, რომლებზედაც დაამყარა თავისი მოთხოვნა, კერძოდ, ვერ დაამტკიცა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ქ. მ-ის დას თ. მ-ს ჩაჰბარდა 2009 წლის 13 აპრილს ორგანიზაცია თNთ-ს გადაზიდვების მეთვალყურეობის საერთაშორისო სისტემის მიერ. ამასთან, სასამართლოს აზრით, საფოსტო შეტყობინების სიყალბე, რომლითაც დასტურდება, რომ გადაწყვეტილების ასლი თ. მ-ს ჩაჰბარდა 2009 წლის 30 მარტს, შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი არ არის, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ქ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ქ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად უბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. მ-მა სააპელაციო საჩივარს თან დაურთო მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი 190 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მითითებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, მას ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ქ. მ-ისათვის განჩინებით მთლიანად უნდა დაებრუნებინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. მ-ის წარმომადგენელ ვ. ბ-ის კერძო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ქ. მ-ის წარმომადგენელ ვ. ბ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინება;
ქ. მ-ის წარმომადგენელ ვ. ბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწფიო ბაჟი 190 ლარის ოდენობით;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.