საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-574-803-08 17 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. კ-იძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ე. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე_ ც. ა-ოვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სამიდღემჩიო რჩენის ხელშეკრუკლების გაუქმება და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ც. ა-ოვამ მოპასუხე ლ. კ-იძის მიმართ და მოითხოვა სამისდღემჩიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა.
სარჩელიდან ირკვევა, რომ 2002 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ლ. კ-იძემ იკისრა მოსარჩელე ც. ა-ოვას რჩენის ვალდებულება, რის სანაცვლოდ ატანელოვამ იკისრა ვალდებულება და მის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე ქ. თბილისში, ...-3 III მ\რ, კორპუსი ¹305, დაარეგისტრირა მოპასუხის საკუთრებად.Kმოპასუხე ლ. კ-იძე ნაკისრ ვალდებულებას ასრულებდა სამი თვის განმავლობაში შემდეგ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც ატანელოვამ უარი თქვა ხელშეკრულებაზე, რაც წერილობით აცნობა ლ. კ-იძეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ა-ოვას სარჩელი ლ. კ-იძის მიმართ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. შეწყდა 2002 წლის 9 დეკემბერს ც. ა-ოვასა და ლ. კ-იძეს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ც. ა-ოვას დაუბრუნდა ქ. თბილისში, ... 3, მე-3 მ\რ კორპუსი ¹305ა, ბინა ¹37 საკუთრებაში. აღნიშნული ბინა გამოთხოვილი იქნა ლ. კ-იძის უკანონო მფლობელობიდან და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ც. ა-ოვას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-იძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2008 წლის 15 მაისს სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისათვის გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ლ. კ-იძე და მისი წარმომადგენელი ე. მ-შვილი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით ლ. კ-იძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ ლ. კ-იძე და მისი წარმომადგენელი ე. მ-შვილი, რომლებიც გაფრთხილებული იყვნენ სასამართლო სხდომის დღის შესახებ საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით აპელანტის განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა, ვინაიდან აპელანტის მიერ გამოუცხადებლობის მიზეზად მითითებული გარემოება- ავადმყოფობა არ ჩათვალა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო მიზეზად, იმდენად, რამდენადაც სხდომის დღეს აპელანტის ავადმყოფობის შესახებ წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულების ცნობა სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად არ შეიცავდა საექიმო დაწესებულების ხელმძღვანელის პირდაპირ მითითებას სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-იძის წარმომადგენელმა ე. მ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, განჩინებაში მითითებული საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვის აუცილებლობა იქნებოდა მაშინ, თუ ლ. კ-იძე სამედიცინო დაწესებულებას მიმართავდა იმის დასადგენად, რომ შეეძლო თუ არა მას სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ლ. კ-იძეს ზემოაღნიშნული მიზეზით კი არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის, არამედ მან მიმართა ექიმს თავის არეში ძლიერი ტკივილის გამო და პროცესზე გამოცხადება თუ ვერ შეძლო ეს გამოწვეულია თავის არეში ძლიერი ტკივილებისა და იმ ფიზიკური ნაკლის გამო, რომელიც გააჩნია ლ. კ-იძეს (იგი არის II ჯგუფის ინვალიდი, ყრუ-მუნჯი), რითაც ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარემ და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ლ. კ-იძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით ლ. კ-იძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ლ. კ-იძის წარმომადგენლმა ე. მ-შვილმა სასამართლო სხომაზე გამუცხადებლობის საპატიო საფუძვლად წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულების_სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ,,დ-ის” ექიმის მიერ გაცემული ცნობა, (ს.ფ.208) რომლის შესაბამისად პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ლ. კ-იძე 15 მაისს იმყოფებოდა ექიმთან, ზემოხსენებულ სამედიცინო დაწაესებულებაში, დიაგნოზით_ ჰემიკრანია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება. ასეთს წარმოადგენს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა ობიექტურ გარემოებები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
ამასთან ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით და პირდაპირ მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
კასატორის მიერ სასამართლოსათვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სამედიცინო ცნობას, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად მართალია ცნობას ხელს აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, მაგრამ აღნიშნული ცნობით არ დასტურდება ლ. კ-იძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა. დასახელებული ცნობა არ შეიცავს მითითებას მხარისათვის გადაადგილების შემზღუდველ გარემოებებზე. ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობაზე, მისი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ლ. კ-იძის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. კ-იძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმღვანელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. კ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.