ას-575-883-09 27 ივლისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. გ-ე (წარმომადგენელი გ. ჟ-ა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ვ. ჩ-ი
თანამოსარჩელეები _ გ., თ., ს., ნ., ნა. ჩ-ები
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანამესაკუთრედ ცნობა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს გ., თ., ს., ნ., ნა. ჩ-ებმა და გ. გ-მ მოპასუხე ვ. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს საერთო საკუთრებიდან 2/3 წილის გამოყოფა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ გ. ჩ-ს თავის ოჯახთან ერთად მოპოვებული აქვს ფართზე უფლება, რაც დასტურდება 1998 წლის 26 თებერვლის ცნობით, რომლის მიხედვითაც სადავო ბინაში ჩაწერილი იყო ოჯახის 9 წევრი, აქედან 3 წევრი იყო ვ. ჩ-ის ოჯახის წევრი, ხოლო 6 პირი წარმოადგენდა მოსარჩელე გ. ჩ-ის ოჯახის წევრს. სადავო ბინა მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹17-ში, რეგისტრირებულია მოსარჩელის ძმაზე, მოპასუხე ვ. ჩ-ზე. ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 1998 წელს. ამ დროისთვის თითოეულ მოსარჩელეს მოპოვებული ჰქონდა ფართზე უფლება, კერძოდ, მთლიანობაში მათი წილი შეადგენს 2/3-ს (ტ.1, ს.ფ. 24-34).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ... ქ. ¹17-ში, ბინა ¹3-ში მდებარე ბინის 2/3 წილის მესაკუთრეებად. მოპასუხე ვ. ჩ-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა მათ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პრივატიზაციის მომენტისათვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹17-ში, ბინა ¹3-ში რეგისტრირებული იყო 9 პირი, მათ შორის, მოსარჩელეები. ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მოსარჩელეები 2000 წლის 8 ივლისიდან ამოწერილნი არიან სადავო ბინიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის ნებაყოფლობით შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ საცხოვრებელი სახლის პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლებს, ან მათი ოჯახის წევრებს. ამდენად, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ერთ-ერთ დამქირავებელზე გულისხმობს საკუთრების უფლების მოპოვებას ყველა დამქირავებლისა და ოჯახის ყველა წევრის სასარგებლოდ. შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებით პრივატიზაციის უფლების მქონე დანარჩენ პირებს წარმოეშობათ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება შესაბამისი წილის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სადავო ბინაზე საკუთრების უფლება წარმოეშვათ მინისტრთა კაბინეტის ზემოხსენებული დადგენილების საფუძველზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ უფლება სადავო ბინის წილზე, ვინაიდან მათ ფაქტობრივად არ უცხოვრიათ ბინაში. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ბინის წილზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია პრივატიზაციის მომენტისათვის სადავო ბინაში მათი რეგისტრაციის არსებობა (ტომი 1, ს.ფ. 114-117).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტ.1, ს.ფ. 123-133).
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა გ. ჟ-მ და მოითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად _ 300 ლარის ოდენობით დაბრუნება (ტ.1, ს.ფ.122).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით აღნიშნული განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. განცხადების ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, აპელანტების მიერ იმის დაზუსტება, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილს ასაჩივრებენ და დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, ასევე აპელანტების მიერ წარმომადგენელზე გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის, წარმომადგენლის მიერ ადვოკატთა ტესტირების გავლის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა (ტ.2, ს.ფ. 6-9).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით გ., თ., ს., ნ., ნა. ჩ-ების და გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტ.2, ს.ფ. 60-63).
აღნიშნულ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მ (წარმომადგენელი გ. ჟ-ა), რომელმაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება 300 ლარის ოდენობით. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 100 ლარის სანაცვლოდ მოპასუხეს დაეკისრა 300 ლარის გადახდა, რაც გადაწყვეტილებაში არ არის ასახული (ტ.2, ს.ფ. 105).
D
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით გ., თ., ს., ნ., ნა. ჩ-ებისა და გ. გ-ის წარმომადგენელ გ. ჟ-ს განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის განჩინების ასლი გაეგზავნა, როგორც გ. ჟ-ს, ისე მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით. შეტყობინების ბარათებით გზავნილების ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ მოსარჩელეებისათვის გაგზავნილი გზავნილები ჩაიბარა ერთ-ერთმა მოსარჩელემ _ გ. გ-მ 2009 წლის 13 აპრილს და 2009 წლის 16 აპრილს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. გ-ე არის დანარჩენი მოსარჩელეების ოჯახის წევრი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოსარჩელეებს ხარვეზი არ შეუვსიათ და სასამართლოსათვის არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 5-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2009 წლის 14 აპრილს და დასრულდა 20 აპრილს. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის დადგენილი ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის (წარმომადგენელი გ. ჟ-ა) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.