საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№343აპ-17 ქ. თბილისი
ძ-ი ა, 343აპ-17 29 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ხატია ხერხეულიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით ა. ძ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151–ე მუხლით და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლით (2016 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 1261–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ძ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ძ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ნ. გ-ე, 13 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა. ძ-თან და ჰყავთ სამი საერთო შვილი: ქ. ძ-ი, ნ. და დ. გ-ები. თანაცხოვრების პერიოდში ა. ძ-ი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ხშირად უმიზეზოდაც, სისტემატურად ძალადობდა ნ. გ-ზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
2016 წლის 3 დეკემბერს თ-ში, ი-ის ქ. №–ში, ა. ძ-მა იძალადა მეუღლეზე - ნ. გ-ზე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ასევე მოქაჩა თმა, რა დროსაც ნ. გ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ა. ძ-ის ქმედებით ნანა გიორგაძეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2016 წლის 5 დეკემბერს თ-ში, ი-ის ქ. №–ში, ა. ძ-მა იძალადა მეუღლეზე - ნ. გ-ზე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი ორჯერ ძლიერად დაარტყა სახეში, კეფის არეში ურტყა მუშტები და ორივე ხელი წაუჭირა ყელში, რა დროსაც ნ. გ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ა. ძ-ის ქმედებით ნ. გ-ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2016 წლის 5 დეკემბერს თ-ში, ი-ის ქ. №–ში, ა. ძ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს - მეუღლე ნ. გ-ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სტაჟიორ-პროკურორმა ხატია ხერხეულიძემ და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ძ-ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა. -ისთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: ა. ძ-მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, მოცემულ შემთხვევამდე არ ჰქონია კანონთან კონფლიქტი, შეურიგდა დაზარალებულს - წარმოდგენილია ა. ძ-ის მეუღლის - ნ. გ-ის (დაზარალებულის) განცხადება, რომლის მიხედვით, მას პრეტენზია არ აქვს მეუღლესთან და მათი არასრულწლოვანი (მათ შორის - ორი მცირეწლოვანი) შვილების ინტერესების გათვალისწინებით, ითხოვს ა. ძ-ის მიმართ მაქსიმალური შეღავათების გამოყენებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირობითი მსჯავრის განსაზღვრა საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ხატია ხერხეულიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე