Facebook Twitter

30I-17 ქ. თბილისი

ა. მ-ი, 30I-17 21 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან _ კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატ _ ლ. ხ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ მ. ა-ს

თარჯიმან _ მ. ქ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით, 2017 წლის 11 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს მ-ას რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა..

2. 2017 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით მ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

3. 2017 წლის 27 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

4. 2017 წლის 19 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო მ. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე მ-ს რესპუბლიკის შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

5. 2017 წლის 3 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ა-ს მ-ას რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

6. 2017 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით მ. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 11 ოქტომბრამდე.

7. 2017 წლის 21 ივლისს მ-ას რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია მ. ა-ას მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების დედანი - 2017 წლის 27 ივლისს.

8. 2017 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით მ. ა-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 11 იანვრამდე.

9. მ. ა-ს მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები მ-ას რესპუბლიკაში:

მ-ას რესპუბლიკის კიშინიოვის მუნიციპალიტეტის პროკურატურის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე 2017 წლის 20 მარტის დადგენილების თანახმად, მ. ა-ს ბრალად ედება მ-ას რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიერ, არასრულწლოვნის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით) და 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, დაზარალებულის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მისი მდგომარეობის მოწყვლადობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

10. 2017 წლის 20 მარტს მ-ს რესპუბლიკის კ-ის მუნიციპალიტეტის პროკურატურამ გამოაცხადა მ. ა-ს ძებნა.

11. მ-ას რესპუბლიკის კ-ის სასამართლოს 2017 წლის 23 მარტს გადაწყვეტილებით, მ. ა-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. იმავე დღეს გამოიცა მ. ა-ს დაკავების ბრძანება.

12. მ-ას რესპუბლიკის კ-ის მუნიციპალიტეტის პროკურატურის ტექნიკური შეცდომის გამოსწორების შესახებ 2017 წლის 15 მაისის დადგენილების თანახმად, ცვლილება შევიდა 2017 წლის 20 მარტის დადგენილებაში მ. ა-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე, კერძოდ, აღნიშნული დადგენილებით განხორციელებული ცვლილების შედეგად მ. ა-ს ბრალად ედება მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიერ, არასრულწლოვნის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ნაცვლად იმავე კოდექსის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისა.

13. მ. ა. მ-ას რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

14. მ-ას რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, მ. ა-ს მიერ მ-ას რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის იანვრიდან იმავე წლის ივლისის ჩათვლით მ. ა. ეწეოდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირების სექსუალურ ექსპლუატაციას, რითაც იგი ფინანსურ სარგებელს იღებდა. მ. ა-მ ფ. მ. ხ-თან წინასწარი შეთანხმებით დაიყოლია და ექსპლუატაციის გაწევის მიზნით საკუთარ უკანონო კონტროლქვეშ მოაქცია 1998 წელს დაბადებული ტ.ბ., 2001 წელს დაბადებული ო.პ. და მდედრობითი სქესის კიდევ ერთი მოქალაქე, სახელად - „ა,“ რომლის ვინაობაც დადგენილი არ არის. მ. ა-ს კონტროლქვეშ დაზარალებულები ტ-ის ქუჩაზე, კ-ის მუნიციპალიტეტში დაქირავებულ ბინაში, 1000 ლევის სანაცვლოდ იძულებით სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ არაბი ეროვნების პირებს. ამასთან, 2016 წლის მარტში მ. ა-მ, ვ. გ-ის მეშვეობით, გაიცნო 1995 წელს დაბადებული კ.ბ., რომელიც ფულის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევის მიზნით გადაიბირა და მოაქცია კანონსაწინააღმდეგო კონტროლქვეშ. კ.ბ. აღნიშნულ მომსახურებას ეწეოდა 2016 წლის პარილის თვემდე მ. ა-ს მიერ დაქირავებულ ორ სხვადასხვა ბინაში, რომლებიც მდებარეობდა მ-ას რესპუბლიკაში, კ-ის მუნიციპალიტეტში. ფინანსურ სახსრებს, რომლებსაც კლიენტებისგან იღებდნენ დაზარალებულები, დღის განმავლობაში აგროვებდნენ ბრალდებულები - ფ. მ. ხ. და მ. ა.. შეგროვებული თანხის ნაწილს ისინი უხდიდნენ ტ.ბ.-ს, ო.პ.-ს, კ.ბ.-ს და ზემოაღნიშნულ მდედრობითი სქესის მოქალაქეს, რომლის ვინაობაც დადგენილი არ არის. ამასთან, მითითებული სრულწლოვანი და არასრულწლოვანი დაზარალებულები მ. ა-მ და მისმა თანამზრახველმა გადაიბირეს მათი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატებოდა მძიმე ეკონომიკურ პირობებში, კერძოდ, ყველა დაზარალებული წარმომავლობით იყო მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, ისინი იზრდებოდნენ მშობლების გარეშე ბავშვთა სახლებში და არ ჰქონდათ საარსებო მატერიალური სახსრები.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა-ს მ-ას რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომლებიც აღწერილია მ-ას რესპუბლიკის კ-ის მუნიციპალიტეტის პროკურატურის 2017 წლის 20 მარტის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია მ-ას რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიერ, არასრულწლოვნის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით) და 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, დაზარალებულის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მისი მდგომარეობის მოწყვლადობის გამოყენებით).

16. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებიდან აშკარად საბუთდება მ. ა-ს ბრალდების უსაფუძვლობა. პროკურატურას არ უცდია, მ. ა-თვის შეეტყობინებინა ძებნისა და ბრალის წაყენების თაობაზე. დაზარალებულთა არანაირი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, მათ შორის არ არსებობს დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე. როგორც მისმა კოლეგამ რ. პ-მ განუცხადა ადვოკატს, დაუშვებელია ბრალის კვალიფიკაციის შეცვლა ტექნიკური შეცდომების შესწორების შესახებ ოქმის საფუძველზე.

16. დაცვის მხარე უთითებს, რომ სამივე სასამართლო სხდომაზე ისე მოხდა ბრალდებულის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება, რომ არ უმსჯელიათ იმაზე, თუ რატომ არ იქნებოდა საკმარისი მოცემულ შემთხვევაში პატიმრობაზე ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება. ა. მ. წარმოადგენს მესამე ქვეყნის (ისრაელის) მოქალაქეს და მომთხოვნი ქვეყანა მას ბრალს სდებს დანაშაულის ჩადენაში, რისი ხასიათიდან გამომდინარეც, არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის,“ რომ მოლდოვას რესპუბლიკაში დაემუქრება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საფრთხე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მ-ას რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 11 აპრილს. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნისას მ. ა-ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი არც ერთი გარემოება, კერძოდ: დაცულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, სამართლიანი სასამართლოს, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებები, ასევე - საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე მ. ა-ს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისადი დაქვემდებარების არგუმენტებს უთითებს ზოგადად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების შელახვის რისკი. სხვა სიტყვებით, წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, უნდა დასტურდებოდეს, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინდივიდუალური საქმე კონკრეტულად რა მიზეზით წარმოშობს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საშიშროებას. ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას.[1] უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით.[2] ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის ზოგადი ხასიათის მითითებები არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას ექსტრადიციის განხორციელებაზე უარის თქმასთან მიმართებით.

5. საკასაციო პალატა მ. ა-ს მიმართ წაყენებული ბრალის უსაფუძვლობა და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ განიხილება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის ან/და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მართებულობის საკითხი. ამ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის თაობაზე, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია მ-ს რესპუბლიკაში, მ. ა-ას მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით.

6. რაც შეეხება ბრალის ტექნიკურ შესწორებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს არ წარმოადგენს მ. ა-ს მ-ას რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, მით უმეტეს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, მ-ას რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილს „ბ1“ ქვეპუნქტი საერთოდ არ გააჩნია და ამასთანავე, ტექნიკური შესწორების შემდეგ ბრალის დეფინიცია არ შესწორებულა.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა-ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომლებიც აღწერილია მ-ას რესპუბლიკის კიშინიოვის მუნიციპალიტეტის პროკურატურის 2017 წლის 20 მარტის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიერ, არასრულწლოვნის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით) და 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, დაზარალებულის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მისი მდგომარეობის მოწყვლადობის გამოყენებით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N 36378/02, 12/04/2005, §352.

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) N46827/99, N46951/99, 04/02/2005, §70.