Facebook Twitter

ას-582-809-08 29 სექტემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. მ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 21 თებერვალს რ. მ-შვილმა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს ჯ. დ-შვილის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა. მოსარჩელემ, 2001 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონის სოფელ ....... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფა მოითხოვა.

ჯ. დ-შვილმა სასამართლოს მთავარ სხდომამადე შეგებებული სარჩელი აღძრა. მან სახლის რემონტის ხარჯების ასანაზღაურებლად რ. მ-შვილისათვის 500 ლარისა და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით რ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა და ჯ. დ-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რ. მ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 მაისის განჩინებით, აპელანტ რ. მ-შვილს მიეცა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ კი, სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად.

იმავე პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით რ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

2008 წლის 25 ივნისს რ. მ-შვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა, შესაბამისად, საპელაციო სასამართლოს მისი საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. კერძო საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ რ. მ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სააკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების შედეგადაც ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება. როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 მაისის განჩინებიდან ირკვევა, რ. მ-შვილს მიეცა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ კი, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად. საპროცესო მოქმედების ზუსტად განსაზღვრა გულისხმობს არა მხოლოდ შესასრულებელი მოქმედების მითითებას, არამედ იმის აღნიშვნასაც თუ სად ან ვის წინაშე უნდა შეასრულოს მხარემ ეს მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო მითითებული რ. მ-შვილს ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სად უნდა წარედგინა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რ. მ-შვილს ხარვეზის განჩინება 2008 წლის 27 მაისს ჩაბარდა, ხოლო სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარი, 2008 წლის 28 მაისსაა გადახდილი. ვინაიდან ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსათვის უნდა წარედგინა, სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შესახებ, უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად იმავე პალატას დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. მ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 მაისის განჩინება და საქმე რ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.