საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-583-810-08 11 დეკემებრი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ჯ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ., ს., ბ., ნ., მ., ა. ხ-აძეები, სრს ზესტაფონის სამსახური, სოფელ კლდეეთის ტერიტორიული ორგანოE(მოპასუხეები)
დავის საგანი – კომლის წევრობის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება და მემკვიდრედ ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დ. ჯ-შვილმა სარჩელი აღძრა ნინო, სპირიდონ, ბელა, ნათია, მარი და აბელ ხიჯაკაძეების, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კლდეეთის ტერიტორიული ორგანოს მიმართ აწ გარდაცვლილი გივი ჯანიაშვილის კომლში ნინო, სპირიდონ, ბელა, ნათია, მარი და აბელ ხიჯაკაძეების საადგილმამულო (საკომლო) წიგნის 1996-2000 წლების ჩანაწერისა და ნინო და სპირიდონ ხიჯაკაძეების საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი მამა გივი ჯანიაშვილი გარდაიცვალა 2000 წლის 29 აპრილს. დანაშთ ქონებას შეადგენდა საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი და ნივთები. 2007 წლის ივნისში ნინო და სპირიდონ ხიჯაკაძეებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფ. ქვედა საქარაში, დაიწყეს დანაშთი სახლის დანგრევა და გაიტანეს მოძრავი ქონება. მან საარქივო ამონაწერის მიხედვით გაიგო, რომ 1996-2000 წლებში მამამისის კომლში მისი თანხმობის გარეშე ჩაწერილან მოპასუხეები. „მოქალაქეთა რეგისტრაციის შესახებ“ საქ. კანონის 5-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებლის მესაკუთრის თანხმობა მოპასუხეებს არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მოპასუხეების გივი ჯანიაშვილის კომლში ჩაწერის შესახებ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჯ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ჯ-შვილმა.
იმის გამო, რომ აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 მაისის განჩინებით მიეცა 7 - დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 608,48 ლარის ოდენობით.
2008 წლის 13 მაისს დ. ჯ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. მან წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამასთან, მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განჩინებით დ. ჯ-შვილის შუამდგომლობა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. ამავე განჩინებით მას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
2008 წლის 20 მაისს დ. ჯ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, მან წარმოადგინა დამატებით სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებლი ქვითარი და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება უსახსრობის გამო.
ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინებით, დ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დ. ჯ-შვილმა ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რის საფუძველზეც სასამართლო, სსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად, გაათავისუფლებდა მას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ჯ-შვილმა. მან მიუთითა, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო სასამართლომ მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, დააკისრა სახელმწიფო ბაჟის – 608,48 ლარის გადახდა. მან გადაიხადა ჯერ 150, მერე კი 50 ლარი. ვინაიდან მისი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია და მატერიალურად უჭირს, დარჩენილი თანხის გადახდა ვერ შეძლო. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. დ. ჯ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ დ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 მაისის განჩინებით დ. ჯ-შვილს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც შეადგენს 608,48 ლარს. 2008 წლის 13 მაისს, დ. ჯ-შვილმა სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მან ასევე წარმოადგინა განცხადება, რითაც მოითხოვა დანარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განჩინებით დ. ჯ-შვილის შუამდგომლობა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლების შესახებ. ამავე განჩინებით მას დაევალა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის სასამართლოში წარდგენა. 2008 წლის 20 მაისის დ. ჯ-შვილმა დამატებით წარმოადგინა 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინებით დ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა, მას არ წარმოუდგენია სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულება, რის საფუძველზეც სასამართლო გაათავისუფლებდა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მხოლოდ იმის მითითება, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია და მატერიალურად უჭირს არ არის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.