Facebook Twitter

ას-58-392-09 23 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა შემდეგი

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ღ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ტ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ღ-იას კანონიერმა წარმომადგენელმა მ. ტ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ღ-იას მიმართ არასრულწლოვანი შვილის _ ლ. ღ-იას სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1999-2005 წლებში მხარეები იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში. 2000 წლის 13 ოქტომბერს მათ შეეძინათ შვილი _ ლ. ღ-ია, რომლის მიმართაც დ. ღ-იას მამობა დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის შესაბამისად. მოპასუხე სისტემატურად თავს არიდებს შვილის აღზრდასა და რჩენას. 2006 წლიდან ლ. ღ-ია დადის სკოლაში, რის გამოც მეტი ფინანსური დანახარჯი სჭირდება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის საფუძველზე დ. ღ-იას უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი მისთვის ყოველთვირად 50 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ საკუთარი ბინა არ გააჩნია, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და არჩენს მეუღლესა და 3 თვის შვილს. მოპასუხის შემოსავალი არასტაბილურია და თვეში შეადგენს 600-700 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ღ-იას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ყოველთვიურად 70 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ. ტ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და დ. ღ-იას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა.

2008 წლის 30 ოქტომბერს დ. ღ-იამ შესაგებლით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება დ. ღ-იასათვის 70 ლარის გადახდევინების ნაწილში და მოპასუხისათვის ყოველთვიურად 50 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დ. ღ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ღ-იას მიერ წარმოდგენილი შესაგებელი, თავისი შინაარსისა და მოთხოვნიდან გამომდინარე, შეგებებული სააპელაციო საჩივარია. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ღ-იას მ. ტ-ძის სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაბარდა 2008 წლის 6 ოქტომბერს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ შესაგებელი არ წარმოადგინა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ დ. ღ-იამ დაარღვია როგორც მ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელის წარსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 21-დღიანი, ასევე შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა შესაგებლის ფორმით შედგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2008 წლის 30 ოქტომბერს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ღ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დ. ღ-იას მ. ტ-ძის სააპელაციო საჩივრის ასლი პირადად ჩაბარდა 2008 წლის 16 ოქტომბერს, ვინაიდან კერძო საჩივარზე დართული დ. ღ-იას პასპორტის მონაცემებით დასტურდება, რომ მხარე 3-13 ოქტომბერს იმყოფებოდა გერმანიაში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოებაც, რომ დ. ღ-იამ შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საპატიო მიზეზით ვერ წარუდგინა. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრების შესახებაც, რადგან მხარეს დასახელებული თანხის გადასახდელად საკმარისი მატერიალური შესაძლებლობა არ გააჩნია.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ. ტ-ძის სააპელაციო საჩივრის ასლი დ. ღ-იას კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა.

გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი 2008 წლის 6 ოქტომბერს ჩაბარდა მის ძმას _ დ. ღ-იას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ 21-დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

2008 წლის 30 ოქტომბერს დ. ღ-იამ სასამართლოში შეიტანა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა დ.ღ-იასათვის 70 ლარის გადახდევინების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისათვის ყოველთვიურად 50 ლარის გადახდის დაკისრება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შესაგებელი მიიჩნია შეგებებულ სააპელაციო საჩივრად და განუხილველად დატოვა იგი შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და თვლის, რომ დ. ღ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებზე იმსჯელებს მხოლოდ გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში დ. ღ-ია კერძო საჩივრით ასაჩივრებს რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებას მისი შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ასევე სადავოდ ხდის ამავე პალატის 2008 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება და სცდება 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების ფარგლებს, ამდენად, მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების ნაწილში მხარის მოსაზრებებზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დ. ღ-იას მოსაზრებას, რომ მ. ტ-ძის სააპელაციო საჩივრის ასლი მას 2008 წლის 16 ოქტომბერს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი 2008 წლის 6 ოქტომბერს ჩაბარდა დ. ღ-იას ძმას _ დ. ღ-იას, რაც სადავო სააპელაციო საჩივრის მოპასუხისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლით, რომლის პირველი წინადადების მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 10 დღე და იგი აითვლება მოწინააღმდეგე მხარისათვის ძირითადი სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარების მომენტიდან.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი მ. ტ-ძის სააპელაციო საჩივართან ერთად დ. ღ-იას ჩაბარდა 2008 წლის 6 ოქტომბერს, შეგებებული სააპელაციო საჩივარი კი მან 2008 წლის 30 ოქტომბერს, კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ღ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.