¹ას-585-923-07 3 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – პ. დ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ. ჭ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ღ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ალიმენტის გადახდა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ღ-მა სარჩელი აღძრა პ. დ-ს მიმართ ალიმენტის გადახდის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი პ. დ-თან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – დ. დ-ი და ს. დ-ი. მათ ფაქტობრივად შეწყვიტეს ცოლ-ქმრული ურთიერთობა. იგი უმუშევარია და არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. მისი მეუღლე კი მუშაობს რესტორანში მზარეულად და თვეში მისი ხელფასი შეადგენს 900 ლარზე მეტს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს შვილების – დ. და ს. ზ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა სულ 500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ღ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პ. დ-ს მცირეწლოვანი შვილების – დ. დ-სა და ს. დ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდა 2006 წლის 27 ნოემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
გადაწყვეტილების გამოცხადებისას 2007 წლის 2 მარტს მხარეებმა წერილობითი უარი განაცხადეს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და მოითხოვეს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე ჩამოყალიბება.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2007 წლის 5 აპრილს სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. დ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით პ. დ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პ. დ-ს წარმომადგენელმა მ. ჭ-მა. მან აღნიშნა, რომ პ. დ-ს არ ჰყავდა ადვოკატი და ამდენად არ იცოდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. რაც შეეხება ხელწერილს, რითაც იგი უარს აცხადებს გასაჩივრებაზე, მას აღნიშნული ხელწერილი ეგონა სასამართლო პროცესზე გამოცხადების დამადასტურებელი ხელწერილი და ამის გამო მოაწერა ხელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ პ. დ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე არკვევს, სურთ თუ არა მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.
მოცემულ შემთხვევაში, ხელწერილის თანახმად, მოპასუხე – პ. დ-ი დაეთანხმა და უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. მოპასუხემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე ჩამოყალიბება, რაც დაადასტურა ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
დადგენილია, რომ არსებობს მხარეთა წერილობითი თანხმობა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და მისი დასაბუთების გარეშე ჩამოყალიბების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, მხარის მიერ მის გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო, შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა პ. დ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ. დ-ს წარმომადგენელ – მ. ჭ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.