¹ას-586-969-06 D22 თებერვალი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ა-ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი მოპასუხე ლ. მ-ა-ხ-ს მიმართ, მცირეწლოვანი შვილების _ მ. რ-ს ასული ხ-ს, დაბადებული ... წლის ... ნოემბერს და გ. რ-ს ძე ხ-ს, დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, დაბრუნებისა და დედისთვის მიკუთვნების თაობაზე დაკმაყოფილდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, აპელანტ ლ. მ-ა-ხ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. კ-ის სარჩელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ლ. მ-ა-ხ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, კასატორ ლ. მ-ა-ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.
2005 წლის 30 დეკემბერს, თ. კ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, იმ კონკრეტული მოქმედებების მითითებით, რომელიც სარჩელის მიხედვით მის სასარგებლოდ უნდა შესრულებულიყო. კერძოდ მოითხოვა, როგორც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ყოფილიყო: “თ. კ-ს დაუბრუნდეს მცირეწლოვანი შვილები _ მ. რ-ს ასული ხ-ა და გ- რ-ს ძე ხ-ა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განჩინებით, თ. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: თ. კ-ს დაუბრუნედეს შვილები: 2001 წლის 29 ნოემბერს დაბადებული მ. ხ-ა და 2002 წლის 09 ნოემბერს დაბადებული გ. ხ-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე ლ. მ-ა-ხ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება უნდა განემარტა არა თბილისის, არამედ ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. მ-ა-ხ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
დადგენილია, რომ თ. კ-მა განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოში შეიტანა 2005 წლის 30 დეკემბერს, რომელიც დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განჩინებით, ხოლო ლ. მ-ა-ხ-მ აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა 2006 წლის 11 სექტემბერს.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 2005 წლის 25 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების თანახმად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მითითებული კანონის 884-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული მუხლის საფუძველზე საქმის განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი საპროცესო ნორმატიული მასალით. ამდენად, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 2005 წლის 25 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეები განსახილველად უნდა გადასცემოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. მ-ა-ხ-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძველი.ÉÀ
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-ა-ხ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.