Facebook Twitter

ას-587-894-09 24 სექტემბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ღ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

2008 წლის 30 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. ქ-ძემ ბ. ღ-ძის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მისთვის სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2002 წლის 4 სექტემბერს დ. ქ-ძესა და მოპასუხე ბ. ღ-ძეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მან ბ. ღ-ძეს ასესხა 7100 აშშ დოლარი, 6 თვით, ყოველთვიურად 5 პროცენტის დარიცხვით. ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. შეთანხმებულ ვადაში მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საარბიტრაჟო პრეტენზიით. არბიტრაჟმა დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე ბ. ღ-ძეს დაეკისრა დ. ქ-ძის სასარგებლოდ 13990 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახდა. ბ. ღ-ძემ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე პროცენტის ნაწილში, სესხის გადაანგარიშებისა და 2004 წლის 8 აპრილის შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 22-25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და 1 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბ. ღ-ძეს დაეკისრა დ. ქ-ძის სასარგებლოდ 7500 აშშ დოლარის გადახდა, ბათილად იქნა ცნობილი სესხის ხელშეკრულება პროცენტის ნაწილში, შეიცვალა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და ბ. ღ-ძეს დაეკისრა დ. ქ-ძის სასარგებლოდ 7150 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სესხის გადაანგარიშებაზე ეთქვა უარი. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა ბ. ღ-ძის მიერ მისთვის მოპასუხის სასარგებლოდ 7150 აშშ დოლარის გადახდისა და დასაკისრებელი თანხის გადაანგარიშების ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 22-25 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, ასევე ამავე სასამართლოს 2004 წლის 1 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ღ-ძეს უარი ეთქვა მისთვის კრედიტორის სასარგებლოდ დასაკისრებელი თანხის გადაანგარიშებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მისთვის გადახდილი აქვს მხოლოდ 4900 აშშ დოლარი პროცენტის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 5000 აშშ დოლარის, ძირითადი თანხის - 3%-ის დაკისრება სარგებლის სახით 2000 წლის 25 დეკემბრიდან ყოველ ვადაგადაცლებულ თვეზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. ღ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით ბ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ღ-ძემ. მან მიუთითა, რომ სასამართლო პროცესის შესახებ მას ეცნობა ტელეფონით 20 დღით ადრე. მისი წარმომადგენელი გამოცხადდა პროცესზე დანიშნულ დროს, მაგრამ განუმარტეს, რომ პროცესი უკვე ჩატარდა და სააპელაციო საჩივარი, მათი გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. მისი აზრით, სასამართლოს კანონით დადგენილი წესით არ უცნობებია სხდომის შესახებ, კერძოდ, მას მხოლოდ ტელეფონით შეატყობინეს სასამართლო პროცესის შესახებ და სასამრთლოს არ გამოუგზავნია შეტყობინება სხდომის ჩატარების შესახებ. აღნიშნულის გამო მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ბ. ღ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 20 მაისს. აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი – ბ. ღ-ძე. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დარჩა მისი სააპელაციო საჩივარი. მას სხდომის შესახებ ეცნობა ტელეფონით სასამართლო შეტყობინების საფუძველზე 2009 წლის 15 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას კანონის დარღვევით ეცნობა სხდომის შესახებ, კერძოდ, მხოლოდ ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და 20 დღით ადრე აცნობა სხდომის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ღ-ძისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარის დაბარებას ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით შეტყობინებას, რის შემდეგაც დგება შესაბამისი აქტი. აღნიშნული სატელეფონო შეტყობინების აქტი საქმეში მოიპოვება, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. ღ-ძე კანონით დადგენილი წესით იყო დაბარებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეები, მათი წარმოადგენლები, აგრეთვე, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაეკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბ. ღ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ღ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის საოქმო განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.