¹ას-589-816-08 10 სექტემბერი, 2008
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ლ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სააღსრულებო ბიუროს ქობულეთის რაიონული განყოფილება, ციური კაიკაციშვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ლ-შვილმა სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და ციური კაიკაციშვილის მიმართ და მოითხოვა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების სიიდან მისი კუთვნილი ნივთების ამორიცხვა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებითYს. ლ-შვილის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და ციური კაიკაციშვილის მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერებულ იქნა სადავო ყადაღადადებულ ქონებაზე აღსრულება და აღნიშნულ ქონებაზე განახლდა აღსრულება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ლ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით ს. ლ-შვილს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ლ-შვილმა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ მან ბაჟი დროულად გადაიხადა, მაგრამ იმის გამო, რომ ცხოვრობს ქობულეთის რაიონის შორეულ სოფელში თავად ვერ შეძლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა სასამართლოში და გამოატანა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს, რომელმაც მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მიიტანა იგი სასამართლომდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ს. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით ს. ლ-შვილს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ს. ლ-შვილსა და მის წარმომადგენელ კ. ნ-ძეს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით (ს.ფ. 104-107) კერძოდ, აპელანტ _ ს. ლ-შვილს ჩაჰბარდა 2008 წლის 8 მაისს (ს.ფ.106), ხოლო მის წარმომადგენელს _ 2008 წლის 12 მაისს (ს.ფ. 107), შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2008 წლის 15 მაისი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ს. ლ-შვილმა ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ რომ მან ბაჟი დროულად გადაიხადა, მაგრამ, იმის გამო, რომ ცხოვრობს ქობულეთის რაიონის შორეულ სოფელში თავად ვერ შეძლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა სასამართლოსი და გამოატანა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს, რომელმაც მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მიიტანა იგი სასამართლომდე, შესაბამისად, ს. ლ-შვილმა მოითხოვა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა სასამართლოს საპატიოდ მიეჩნია, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ამასთან, ს. ლ-შვილს ჰყავდა წარმომადგენელი და თუ თავად ვერ შეძლებდა წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, აღნიშნული შეეძლო მის წარმომადგენელს გაეკეთებინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.