Facebook Twitter

ას-589-972-06 13 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი - გ.სუპატაშვილი

კერძო საჩივრის ავტორი _ ... ასოციაცია ,,მ...ის” პრეზიდენტი რ. ჭ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კოოპერატივი “ს...ი”, დუშეთის .. .. ყოფილი თავმჯდომარე ი. კ-ი (მოპასუხეები)

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ასოციაცია ,,მ....ის” პრეზიდენტმა და დუშეთის .. .. თავმჯდომარემ 2005 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების: დუშეთის .. .. ყოფილი თავმჯდომარის მ. კ-სა და კოოპერატივ ,,ს...ის” თავმჯდომარის მიმართ და მოითხოვეს 1992 წლის 24 დეკემბერს მ. კ-სა და კოოპერატივ ,,ს...ის” შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი გაფორმდა ასოციაცია „მ...თან“ შეთანხმების გარეშე; ამ ხელშეკრულების გაფორმებისას დაირღვა უძრავ ქონებაზე საკუთრების გადაცემის წესი. აღნიშნული ხელშეკრულება არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის მოთხოვნა. უძრავი ქონების გადაცემის ანალოგიურ წესს აწესებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი. მოსარჩელეთა მითითებით, ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევით დუშეთის .. .. ყოფილმა თავმჯდომარემ მ. კ-მა ასოციაცია ,,მ...თან” შეთანხმების გარეშე კოოპერატივ ,,ს...ს” მიჰყიდა ბაზალეთის ტბაზე მდებარე მეთევზის სახლი. 1993 წლის დეკემბერში მხარეებმა ასოციაცია „მ...თან“ შეთანხმების გარეშე გააფორმეს ახალი ხელშეკრულება, რომლითაც სადავო მეთევზის სახლი და 0,2 მიწის ფართობი ორი წლის ვადით იჯარით გადაეცა კოოპერატივ „ს...ს“. 1994 წლის 8 სექტემბერს მოპასუხეებმა მოსარჩელესთან შეუთანხმებლად გააფორმეს ახალი ხელშეკრულება, რომელშიც წილობრივი მონაწილეობით შეიყვანეს მ. გ-ი, რომელსაც დაევალა მეთევზის სახლის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე პლაჟის, სასადილოსა და დასასვენებელი სახლის მოწყობა სპორცმენებისათვის, მ. გ-ს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 50% უნდა გადაეხადა „მ...სა“ და კოოპერატივ „ს...სათვის“, რის შესახებაც მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა 1997 წლის მარტში.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს _ საქართველოს ასოციაცია ,,მ...ს” და დუშეთის .. .. სარჩელზე კოოპერატივ ,,ს...ის” თავმჯდომარე დ. პ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ უარი ეთქვა ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ასოციაცია ,,მ...ის” პრეზიდენტმა რ.ჭ-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 აგვისტოს განჩინებით აპელანტს საქართველოს ასოციაცია “მ...ის” პრეზიდენტს რ.ჭიჭინაძეს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ათდღიანი ვადა. აპელანტს აქვე განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 1 დეკემბრის განჩინებით აპელანტ საქართველოს ასოციაცია ,,მ...ის” პრეზიდენტის რ. ჭ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა ათი დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 იანვრის განჩინებით საქართველოს ასოციაცია ,,მ...ის” პრეზიდენტის რ.ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა არ გამოასწორა ხარვეზი, კერძოდ, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ... “მ...ის” პრეზიდენტმა რ. ჭ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. მან კერძო საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მათ მიერ მოცემულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2005 წლის 21 ნოემბერს, სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში და მისთვის გაურკვევლია, თუ რატომ არ არის ბაჟის გადახდის ქვითარი მოძიებული სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ... ასოციაცია “მ...ის” პრეზიდენტის რ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად (ს.ფ. 37). თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს ასოციაცია “მ....ის” პრეზიდენტის რ. ჭ-ის განცხადება და გაუგრძელდა მას ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა (ს.ფ. 44-45). მიუხედავად ამისა, აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 იანვრის განჩინებით საქართველოს ასოციაცია “მ...ის” პრეზიდენტის რ.ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (ს.ფ. 48).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი. ამ მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს მითითებას იმის შესახებ, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2005 წლის 21 ნოემბერს, მაგრამ მოსარჩელე ორგანიზაციისათვის გაურკვეველია, თუ რატომ არ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი აღნიშნული ქვითარი მოპოვებული სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ... ასოციაცია “მ...ის” პრეზიდენტმა რ. ჭ-მ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა სააპელაციო სასამართლოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ... ასოციაცია “მ...ის” პრეზიდენტის რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ასოციაცია “მ...ის” პრეზიდენტის რ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 იანვრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.