საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ას-590-817-08 6 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-შვილი
წარმომადგენელი _ ზ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ჩ-ელი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ჩ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-შვილის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა, 2008 წლის 1 თებერვლიდან მ. მ-შვილს არსრულწლოვანი შვილის _ 2001 წლის 30 ივლისს დაბადებული ნ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს 600 ლარს, აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ 1000 ლარს არ აღემატება, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი გარემოებებზე მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რადგანაც სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებს ვ. ჩ-ელის მოთხოვნას. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მ. მ-შვილი საჭიროებს მკურნალობას და ამასთან, არის დროებით უმუშევარი, იმყოფება პენსიონერი დედის კმაყოფაზე, რის გამოც ვერ შეძლებს ალიმენტის სახით დაკისრებული 50 ლარის გადახდას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და არასწორად მიიჩნია მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. მ-შვილს 2008 წლის 1 თებერვლიდან მ. მ-შვილს არასრულწლოვანი შვილის _ 2001 წლის 30 ივლისს დაბადებული ნ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, მოცემულ შემთხვევაში კი დავის საგნის ფასი შეადგენს 600 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავაში უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით მოთხოვნის შესაბამისად მისი საგნის ღირებულება შეადგენს 600 ლარს, აღნიშნული ოდენობა კი, კანონით დადგენილ ზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება, რის გამოც მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა ცნობილი დაუშვებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.