¹ას-590-897-09 02 ივლისი , 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ბ-ი (მოპასუხე)
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი – ი. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჩ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ყადაღა ქ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ... კორპუსი 2ბ, ბინა ....
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე. ჩ-ს წარმომადგენელმა ვ. ტ-მ, სააპელაციო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩინებით აპელანტს, განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებების, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომ იგი არამარტო რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არამედ, ასევე იღებს საარსებო შემწეობას. ამასთან, ე. ჩ-ს წარმომადგენელის ვ. ტ-ს დაევალა ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
ამავე სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა განჩინებით დადგენილ ვადაში, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის, მაგრამ არა ნაკლებ 150 ლარის გადახდა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომ იგი არამარტო რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არამედ, ასევე იღებს საარსებო შემწეობას. ამასთან, აპელანტს დაევალა ამ განჩინებით დადგენილ ვადაში უშუალოდ აპელანტ ე. ჩ-ს მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
ე. ჩ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, დ. ჯ-მ, 2009 წლის 25 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომართა განცხადებით და აპელანტ ე. ჩ-ს გარდაცვალების გამო მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე ¹ 2ბ/910-09 ე. ჩ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან, გარდაცვლილი აპელანტის ე. ჩ-ს უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გამომდინარე იქედან, რომ სასამართლოს განხილვის საგანია ქონებრივი ხასიათის დავა, ხოლო ქონებრივი უფლებები და მოვალეობები წარმოადგენს სამკვიდრო მასას და გადადის მემკვიდრეებზე, სადავო-სამართლებრივი ურთიერთობაში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბ-ის წარმომადგენელმა ი. მ-მ.
კერძო საჩივრის ავტორის აზრთ, დავის საგანი არა წმინდა ქონებრივი დავაა, არამედ ისეთი სპეციფიკით გამოირჩევა, რომელზე მხოლოდ მოსარჩელეს შეუძლია იდავოს. კერძოდ, ჩუქების ხელშეკრულების მოშლა. სწორედ დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე არ შეიძლება გახდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე ქვეპუნქტი ითვალისწინებს მხარეთა განმარტებით ან თავის ინიციატივით საქმის წარმოების შეწყვეტას საქმის ერთერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
აღნიშნულიდან გამომდინირე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადაო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ჩ-ა გარდაიცვალა და ამას არც მოწინააღმდეგე მხარე ხდის სადავოდ.
მოცემული საქმე წარმოადგენს ქონებრივი ხასიათის დავას. ქონებრივი უფლებები და მოვალეობები კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლიდან გამომდინარე შედის სამკვიდრო მასაში და გადადის მემკვიდრეებზე. საქმის გადაწყვეტის შემდეგ ქონებრივი შედეგი დგება მოსარჩელის მემკვიდრეებისათვის. აქედან გამომდინარე დასაშვებია უფლებამონაცვლეობაც.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დასაჩუქრებულის უმადურობის საფუძვლით ჩუქების გაუქმების მოთხოვნა წარმოადგენს პირადი ხასიათის ქონებრივ უფლებას და მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა არაა დასაშვები. უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე ჩუქების გაუქმება არ ყოფილა მოთხოვნილი, ამიტომ ეს მოსაზრება ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზეც, რომ დავის საგანი იმდენად სპეციფიურია, რომ მხოლოდ მოსარჩელეს აქვს დავის უფლება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დავა ქონებრივი ხასიათისაა და დავის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის უფლებამონაცვლეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ბ-ის წარმომადგენლის ი. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.