Facebook Twitter

ას-590-928-07 14 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ეE (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

2005 წლის 12 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ბ-მ, რომელმაც მოპასუხედ დაასახელა ლ. კ-ა და ი. კ-ი და მოითხოვა მოტყუებით დადებული გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლის იანვრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხეებისაგან საერთო ჯამში ისესხა 70000 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხის ნაწილი 20 000 აშშ დოლარი ამავე დროის შუალედში დაუბრუნა და საბოლოოდ 1999 წლის 17 დეკემბერს 10000 დოლარის მიღების შემდეგ ნასესხებმა თანხამ შეადგინა 50 000 აშშ დოლარი, თანხის სესხებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებობდა მხოლოდ ერთი ხელწერილი 1999 წლის იანვარში მიღებულ 10000 აშშ დოლარზე, სხვა თანხებს აძლევდნენ ხელწერილის გარეშე, რასაც მოპასუხეები სპეციალურ ჟურნალში აფიქსირებდნენ.

2000 წლის 1 მარტს მოპასუხეებმა მოტყუებით დააწერინეს ხელწერილი 60 000 აშშ დოლარის 4,02%-იანი სარგებლით სესხად აღების თაობაზე. მათი განმარტებით, აღნიშნული ხელწერილი ესაჭიროებოდათ ინვესტორ ს-თან ურთიერთობის გასარკვევად, რაც გ.ბ-ს არავითარ ზიანს არ მოუტანდა. ეს ხელწერილი არ დაიწერებოდა, რომ არ მოეტყუებინათ, რადგანაც სესხად მხოლოდ 50 000 აშშ დოლარი ჰქონდა აღებული, რომლის პროცენტების გადახდა უკვე შეწყვეტილი იყო და მანამდე არსებული საპროცენტო თანხიდან დარჩენილი იყო 10 000 აშშ დოლარი. მითითებული ვალიდან ძირითადი თანხის ნაწილი 47 000 აშშ დოლარი და დარჩენილი პროცენტი 10 000 აშშ დოლარი გადაუხადა, ხოლო 3 000 აშშ დოლარზე მოწმეთა თანდასწრებით შეთანხმდნენ, რომ ამ თანხას აღარ მოითხოვდნენ და ფულადი ვალდებულება შესრულებულად ეთვლებოდა.

2002 წლის 20 ოქტომბერს მოულოდნელად მოუვიდა სასამართლოს გზავნილი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებს სარჩელი აღუძრავთ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და მოუთხოვიათ მისთვის 60 000 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება. აღნიშნულით კი ცნობილი გახდა მოპასუხეთა მიერ მოტყუების ფაქტის შესახებ და სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლზე მითითებით გ.ბ-მ მოითხოვა 2000 წლის 1 მარტის ხელწერილის ნაწილობრივ - 10 000 აშშ დოლარის ნაწილში ბათილად ცნობა და დადასტურება იმისა, რომ ხელწერილის დაწერის მომენტისათვის მოპასუხისაგან ისესხა 50 000 აშშ დოლარი და არა 60 000 აშშ დოლარი.

მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ხელწერილი დადებულ იქნა ნებაყოფლობით და არა მოტყუებით, რასაც ადასტურებს ხელწერილის უკანა მხარეს აღნიშნული ვალის დაბრუნების გრაფიკი, საიდანაც თვალნათლივ ირკვევა, რომ 2000 წლის მარტში 60 000 აშშ დოლარის 4,2%-ის პროცენტულმა ნამატმა 25 000 აშშ დოლარი შეადგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ.ბ-მ.

2007 წლის 17 აპრილს ი. კ-მა განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ვინაიდან, ი.კ-სა და ლ.კ-ს სარჩელისა გამო, მოპასუხე გ.ბ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი გადაწყვეტილება: აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2004 წლის 24 ივნისის განჩინება, რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებას, მისთვის უცნობი იყო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, წარმომადგენელმა კი დაუმალა ეს. აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 4 აპრილს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით ი. კ-ს განცხადება დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. კ-მა. მან მიუთითა, რომ მისი შვილები სწავლობენ რუსეთში და შეუძლებელია რომელიმე მათგანს ხელი მოეწერა უწყებისთვის. მას არ დაურღვევია განცხადების შეტანის ვადა და, აქედან გამომდინარე, უკანონოა სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი. კ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მის შვილს არ ჩაჰბარებია გადაწყვეტილების ასლი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება 2006 წლის 12 აგვისტოს ჩაჰბარდა ლ. კ-სა და ი. კ-ს სრულწლოვან შვილს. ი. კ-მა 2007 წლის 17 აპრილს შეიტანა განცხადება და მოითხოვა ქუთისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ი. კ-სა და ლ. კ-ს სრულწლოვან შვილს ჩაჰბარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება 2006 წლის 12 აგვისტოს, მას აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა მიემართა 1 თვის ვადაში, ანუ 2006 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით, მან კი განცხადება შეიტანა 2007 წლის 17 აპრილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად ი. კ-ს განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.