ას-590-973-06 31 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. შ-ა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ა. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. ა-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში “ც...ის” და შპს “... მომსახურების” წინააღმდეგ და მოითხოვა მათ მიერ დალუქული კარების გახსნა. შემდეგში მოსარჩელემ შეცვალა დავის საგანი და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 217566 აშშ დოლარის ოდენობით.
“ც...მა” და შპს “... მომსახურებამ” შეგებებული სარჩელი შეიტანეს სასამართლოში.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის 25 დეკემბერს შპს „... ბანკსა“ და ზ. ა-ს შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „... ბანკმა“ განვადებით გაყიდა, ხოლო ზ.ა-მა იყიდა თბილისში, თავისუფლების მოედნის ¹7-ში მდებარე 540 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. „ც...ის“ გადაწყვეტილებით აღნიშნული ფართი თვითნებურად დაილუქა.
მესამე პირმა - შპს „... ბანკმა“ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ.ა-სა და შპს „... ბანკს“ შორის 1999 წლის 25 დეკემბერს დადებული 540 კვ.მ-ის განვადებით ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ფართის საკუთრებაში დაბრუნება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი, შეგებებული სარჩელი და მესამე პირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.აზმაიფარაშვილმა და შპს „... ბანკმა“.
2004 წლის 8 ოქტომბერს, სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა ზ.ა-ი და მისი წარმომადგენელი, ასევე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე „ც...ი“ და შპს „... მომსახურების“ წარმომადგენელი. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსსკ-ის 387-ე, 232-ე მუხლები და ზ.ა-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
სააპელაციო პალატის ამავე სხდომაზე გამოცხადდა შპს „... ბანკის“ წარმომადგენელი, რომელმაც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სააპელაციო საჩივარი და სარჩელი განვადებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოება, იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას, ვინაიდან, ხელშეკრულების მე-8 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველმა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება დაიტოვა. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სკ-ის 405-ე და 508-ე მუხლებზე და 2004 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „... ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზ.ა-სა და შპს „... ბანკს“ შორის 1998 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული თბილისში, თავისუფლების მოედნის ¹7-ში მდებარე 540 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (განვადებით) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
ზ. ა-ის წარმომადგენელმა ა. კ-მა კერძო საჩივარი შეიტანა 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა მისი სააპელაციო საჩივარი. ასევე შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატამ, ზ.ა-ის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, 2004 წლის 16 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ა.კ-ს საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი დაუსწრებელი გადაწვეტილება, ხოლო კერძო საჩივარი დატოვა განუხილველი. ზ.ა-ის წარმომადგენელმა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, ხოლო კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი. სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 აპრილის განჩინებით, ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველალად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. შ-ს წარმომადგენელმა ა. კ-მა. მან მიუთითა, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კ. შ-ს წარმომადგენელ ა. კ-ს კერძო საჩივარი არ უნდადაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს პირისათვის უფლებას, რომ თავისი, კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო უფლება-ვალდებულებების რეალიზაცია მოახდინოს სასამართლოზე. ამ შემთხვევაში სასამართლო გვევლინება კანონიერების გარანტად, რაც გულისხმობს იმ სამართლებრივი მექანიზმების მაქსიმალურად გამოყენებას, რითაც დაცულ. პირის უფლება სასამართლოზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მოწინააღმდეგე მხარე, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ სასამართლო უწყებები სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ სასამართლოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება და ვერც მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეს შეეძლო მიემართა სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღებისათვის ან კანცელარიისათვის და მათი მეშვეობით გაერკვია თუ სად მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. მას ასევე შეეძლო წერილობით დაეფიქსირებინა მისი სასამართლოში დროულად გამოცხადების ფაქტი და ჩაებარებინა მოქალაქეთა მისაღებში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლოში არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხარეების გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლად, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა უფლებას, გამოუცხადებელი მხარეების მიმართ გამოეტანა განუხილველად დატოვების განჩინება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეები სასამართლო სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. შ-ს წარმომადგენელ ა. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.