ას-592-899-09 24 ივლისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ბ-ელის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის განჩინებაზე. საქმეზე – ე. ქ-შვილის სარჩელის გამო ნ. ბ-ელის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ელს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელიც ვალდებულია, უწყება დაუყონებლივ ჩააბაროს ადრესატს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2009 წლის 22 ივნისს (ს.ფ. 140); საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა არა მხარეს, არამედ მისი ოჯახის წევრს 2009 წლის 25 ივნისს (ს.ფ.141).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ელმა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსება – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-ელის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.