ას-592-930-07 24 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ს-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “.. ..” (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “.. ..მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 9132 ლარის გადახდა, რის შემდეგაც დაკმაყოფილდა სს “.. ..ს” სარჩელი გ. ს-ის, ასევე მისი მეუღლისა და შვილის ქ.ბათუმში, ... ქ.¹91-ში მდებარე სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, გ. ს-ს სს “.. ..სათვის” სასამართლო ხარჯების დაკისრებაზე უარი ეთქვა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. საქმე განხილულ იქნა არაერთი სასამართლო ინსტანციის მიერ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.
გ. ს-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებული განჩინების მე-5 პუნქტის განმარტება, ვინაიდან მისი ბუნდოვანების გამო, ვერ მოხერხდა განჩინების იძულებითი აღსრულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით გ.ს-ის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ¹2ბ-134 სამოქალაქო საქმეზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინების მე-5 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: თუკი სს “.. ..” დაარღვევს ამ განჩინებით დამტკიცებული მორიგების მე-2 და მე-3 პუნქტის პირობებს, რის გამოც გ. ს-ს შეექმნება პრობლემა სხვა საცხოვრებლის შეძენაზე, სს “.. ..” ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი შეთანხმებისამებრ, წინააღმდეგ შემთხვევაში გარიგება გაუქმებულია და სს “.. ..” ვალდებულია აუნაზღაუროს გ. ს-ს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, 13356 ლარი. განჩინება ეყრდნობა შემდეგ საფუძვლებს: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ს-მ გაიზიარა სარემონტო სამუშაოების ღირებულების ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი შეფასება _ 12385 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივრით მოითხოვა 12385 ლარისა და სასამართლო ხარჯების _ 971 ლარის ანაზღაურება. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება, რომ მორიგების დამტკიცების მომენტისათვის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შეადგენდა 15691 ლარს, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დადასტურდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ს-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის სადავო პუნქტის განმარტების შესახებ თავისი განცხადების სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გ. ს-მ თავისი შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 15691 ლარის ნაცვლად, შეამცირა 13356 ლარამდე, ვინაიდან აღნიშნულის დასადასტურებლად საჭიროა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის შემოწმება, ხოლო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ასლით დასტურდება, რომ მხარეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ შეუმცირებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალებით, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ გ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნის არსებობისას, განუმარტოს გადაწყვეტილების ბუნდოვანი მხარეები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ და არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების სადავო პუნქტი და გ. ს-ის განცხადება განჩინების განმარტებაზე მართებულად დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ გ. ს-მ სს “.. ..ს” სარჩელზე შეტანილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა რა მოპასუხისათვის 15691 ლარის დაკისრება, შემდგომში თავისი მოთხოვნა 13356 ლარამდე არ შეუმცირებია და აღნიშნულის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მითითება საფუძველს მოკლებულია, კერძოდ, გ. ს-ს სადავოდ არ გაუხდია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული მსჯელობა, რომ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზით გ. ს-ის ბინის 80 კვ.მ-ზე ჩატარებული რემონტის ღირებულება შეადგენს 12385 ლარს, 60 კვ.მ-ზე კი _ 9132 ლარს და მოპასუხე თანახმაა ოჯახთან ერთად გაათავისუფლოს სადავო ფართი მოსარჩელე საზოგადოების მიერ 80 კვ.მ-ის რემონტისათვის დახარჯული ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული 12385 ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ. საქმეში წარმოდგენილი გ. ს-ის სააპელაციო საჩივრით კი დასტურდება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარისათვის მხოლოდ 9132 ლარის დაკისრება და მოითხოვა სადავო ფართზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების სანაცვლოდ 12385 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯების _ 971 ლარის, სულ _ 13356 ლარის ანაზღაურება.
ამდენად, მხარეთა შორის მორიგების მიღწევამდე გ. ს-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შეადგენდა 13356 ლარს და სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინების მეხუთე პუნქტში მითითებულ შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ანაზღაურებაში სწორედ აღნიშნული თანხა იგულისხმებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.