Facebook Twitter

ას-597-935-07 24 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ., ა. და ე. დ-ების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹13-ში მდებარე ¹48 ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ და თავისი ნებით არ ათავისუფლებენ მას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ სადავო ბინიდან. 2005 წლის 1 დეკემბერს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა მოპასუხეთა დედას, კანონით დადგენილ დროს იგი შევიდა კანონიერ ძალაში და 2006 წლის 2 მარტს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

2007 წლის 8 მაისს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. დ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი შეტანილია ერთთვიანი ვადის დარღვევით, ამასთან, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. დ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლით: ლ. დ-მ არ იცოდა, რომ შეეძლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. მის მიერ აყვანილმა ადვოკატებმა კი მხარე შეცდომაში შეიყვანეს, რის გამოც თავისი უფლებების დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ლ. დ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, მათ შორის მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ნოემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ლ.დ-ის სრულწლოვან ოჯახის წევრს _ მის დედას ჩაბარდა 2005 წლის 1 დეკემბერს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ლ. დ-მ სააპელაციო საჩივარი 2007 წლის 8 მაისს შეიტანა კანონდარღვევით, ვინაიდან, 2004 წლის ნოემბრისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა განისაზღვრებოდა 14 დღით და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვებოდა.

ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს მიუხედავად მისი შეტანის ვადის დარღვევისა, რადგან არსებობს საპატიო მიზეზი _ მხარემ არ იცოდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მის აღსასრულებლად ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ ლ. დ-ს მისი გასაჩივრება შეეძლო არა სააპელაციო საჩივრით, არამედ მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებით და ისიც ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.