ას-598-936-07 10 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ბ-ს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ზ. ბ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ზ. ბ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 72-73).
2007 წლის 10 სექტემბერს ზ. ბ-ს მეუღლემ ფ. მ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად ამბროსი გ-ს ძე ბ-ა 2007 წლის 11 ივლისიდან იმყოფება მივლინებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ზ. ბ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.
აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ 2007 წლის 21 სექტემბერს (ს.ფ.79), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს. აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ბ-ს კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.