Facebook Twitter

ას-599-937-07 2 აგვისტო, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ლ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ... სამინისტრო; .. .. ; საქართველოს ...; საქართველოს პ...ი; ... აკადემია (მოპასუხეები)

დავის საგანი - რეაბილიტაციის მსხვერპლად აღიარება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ლ-მ 2007 წლის 12 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ... სამინისტროს, .. .. , საქართველოს ...ის, საქართველოს პ...ისა და ... აკადემიის მიმართ და მოითხოვა რეაბილიტაციის მსხვერპლად აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 5 დღის ვადა მის გამოსასწორებლად.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განჩინებით ლ. ლ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და დაუბრუნდა უკან იმის გამო, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ლ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ლ. ლ-ს ხარვეზების გამოსასწორებლად კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის, ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასეთი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა.

ამავე პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინებით ლ. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო. მხარეს განემარტა, რომ განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენა არ დაიშვება.

ლ. ლ-მ 2007 წლის 6 ივნისს შეიტანა კერძო საჩივარი ზემოაღნიშნულ განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ლ. ლ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის დასაშვებობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად.

კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილში; ამ ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში იმპერატიულადაა მითითებული, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარი შეტანილია სააპელაციო პალატის იმ განჩინებაზე, რომლითაც ლ. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 2007 წლის 7 მარტის განჩინებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი. ზემოაღნიშნულის გამო იმავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.