Facebook Twitter

¹ას-601-983-06 11 იანვარი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-იGELA

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. მ-ის სარჩელი და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა გაზეთ ,, ი-ს” საშუალებით, ასევე, მასვე დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გაზეთ ,, ი-ს.” რედაქტორ გ. მ-ის შეგებებული სარჩელი, კერძოდ, გაზეთ ,,ს-ის” რედაქციას დაევალა გ. მ-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 650 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გაზეთ ,,ი-ს” რედაქტორმა გ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის განჩინებით, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ,,ი-ს” რედაქტორმა გ. მ-მა განჩინების გაუქმების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან სააპელაციო საჩივარი 14 ივნისს გასაგზავნად გადასცა მორიგე რედაქტორს, მაგრამ მისი გაგზავნა ვერ მოხერხდა, რადგანაც ფოსტა დაკეტილი იყო. 15 ივნისს, დილით, კონვერტი ჩააბარეს ფოსტას. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვადის დარღვევა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გაზეთ ,,ი-ს” რედაქტორ გ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება აპელანტ გ. მ-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 31 მაისს (ს.ფ. 220), შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2006 წლის 14 ივნისს.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის გზავნილი ... საფოსტო განყოფილებას ჩაჰბარდა 2006 წლის 15 ივნისს (ს.ფ. 225), ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2006 წლის 21 ივნისს (ს.ფ. 222).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის თაობაზე, რომ გ. მ-ს სააპელაციო საჩივრის გზავნილი საფოსტო განყოფილებაში უნდა ჩაებარებინა 2006 წლის 14 ივნისის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო სააპელაციო საჩივარზე მითითებული თარიღი _ 2006 წლის 14 ივნისი, არ ნიშნავს, რომ იგი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში, აღნიშნული მხოლოდ ადასტურებს სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღს. ამდენად, დარღვეულია კანონით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 _ დღიანი ვადა და ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია (საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაშიც).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაზეთ ,,ი-ს” რედაქტორ გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.