ას-602-984-06 23 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ფ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ფონდი “ .. .. ..” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფონდმა “ .. .. ..” სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ფ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 22 ივლისს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე თავდებად დაუდგა ჯგუფ “მ-ის” წევრებს, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ფონდ “ .. .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ფ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4802,93 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ფ-ის წარმომადგენელმა ზ. ბ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 144 ლარის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ხარვეზის განჩინება მ. ფ-ს ჩაბარდა 2006 წლის 21 აპრილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის საფუძველზე, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ფ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველი, ვინაიდან მ. ფ-მ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში _ 2006 წლის 28 აპრილს გადაიხადა და ამავე წლის 1 მაისს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა სასამართლოს. კერძო საჩივარს დაერთო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 144 ლარის გადახდის ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ხარვეზის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2006 წლის 21 აპრილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა ცნობილი დაუშვებლად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო აპელანტს უდგენს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია ხარვეზი გამოასწოროს და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს დატოვებს განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში მ. ფ-ს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2006 წლის 21 აპრილს და ხარვეზის გამოსწორება დაევალა აღნიშნული მომენტიდან 10 დღის ვადაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 28 აპრილს სადავო სააპელაციო საჩივარი ისე დატოვა განუხილველი, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა გასული არ იყო. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილ კონვერტზე არსებული საფოსტო ბეჭდით დასტურდება, რომ მ. ფ-მ სახელმწიფო ბაჟის ქვითარი ფოსტაში 2006 წლის 1 მაისს, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ჩააბარა და სააპელაციო საჩივრის ხარვეზი დროულად გამოასწორა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.