Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№406აპ-17 ქ. თბილისი

ყ. ე-რ, 406აპ-17 22 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ე. ყ., – -- – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა - 1500 ლარი. ე. ყ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

ე. ყ. 2004 წლის 2 სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ-ის სარეგისტრაციო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2007 წლის 23 ივლისს იგი დაინიშნა აღნიშნული სამსახურის ასისტენტად, ხოლო 2008 წლის 1 თებერვლიდან იმავე სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე გადაიყვანეს. შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ე. ყ. ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად. 2002 წლის 5 თებერვალს ბ-ში დარეგისტრირდა შპს “--,“ რომელიც ფუნქციონირებდა საკაბელო ტელევიზიის სახით. აღნიშნული შპს-ს საკუთრებაში ირიცხებოდა სხვადასხვა უძრავი ქონება, მათ შორის - ბ-ში, ---ში მდებარე 51.25 კვ/მ საოფისე ფართი. შპს “--ის“ წესდების მე-6 მუხლის თანახმად, შპს-ის კუთვნილი უძრავი ქონების შეძენა-გასხვისების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა პარტნიორთა კრება, რომელიც, ამავე წესდების თანახმად, შპს-ის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა. ამასთან, ხსენებული შეზღუდვის თაობაზე მითითებული იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირის რეესტრში.

2011 წლის 18 ნოემბერს ბათუმში, საქართველოს ბანკის სერვისცენტრში, შპს “-ის“ დირექტორმა გ. შ-ამ და მოქალაქე დ. ჯ-მა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “--ის“ დირექტორმა გ. შ-მ 51 935 აშშ დოლარად დ. ჯ-ს მიჰყიდა შპს “--ის“ კუთვნილი (ბ-ში, -- მდებარე) უძრავი ქონება. აღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად მხარეებმა წარმოადგინეს სხვა დოკუმენტებიც, მათ შორის - დაჩქარებული წესით რეგისტრაციის საფასურის - 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირის ამონაწერი, რომლის თანახმადაც, შპს-ის დირექტორ გ. შ-ას შეზღუდული ჰქონდა შპს-ის ქონების გასხვისების უფლებაც. დოკუმენტები შესასრულებლად დაეწერა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ასისტენტს ე. ყ-ს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად, ე. ყ-ეს სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ეკისრებოდა, სრულყოფილად გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო აღნიშნულ გარემოებათა სწორი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ამის მიუხედავად, ე. ყ-ემ კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, მან აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოებისას უგულებელყო ზემოდასახელებული კანონებისა და ინსტრუქციის მოთხოვნები, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო და ვალდებულიც იყო, არ გადაამოწმა შპს-ის წესდებისა და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არსებული მონაცემები და არ გაითვალისწინა, რომ შპს-ის დირექტორს შეზღუდული ჰქონდა შპს-ის ქონების გასხვისების უფლებამოსილება და ქონების შეძენა-გასხვისების გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ პარტნიორთა კრება.

წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე 2011 წლის 18 ნოემბერს ბ-ში, --ში მდებარე 51.25 კვ/მ უძრავი ქონება დარეგისტრირდა დ. ჯ-ის საკუთრების უფლებით. რეგისტრაცია შპს “--ის“ დამფუძნებლმა გაასაჩივრა სასამართლოში და მოითხოვა რეგისტრაციის ბათილად ცნობა. შესაბამისად, ე. ყ-ემ დაარღვია საკუთრების რეგისტრაციის კანონით დადგენილი წესი და “--მ“ უძრავი ქონება დაკარგა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენის გაუქმებასა და ე. ყ-ის გამართლებას. კასატორის მითითებით, ღია სასამართლო სხდომაზე არ დაუკითხავთ ბრალდებული და მას არ მიეცა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის შესაძლებლობა. კასატორი ბრალდებულის ფუნდამენტური უფლების შეზღუდვად მიიჩნევს ბრალდებულის დაკითხვის შეუძლებლობას იმ შემთხვევებში, როდესაც: ბრალდების მხარე მოწმეთა დასაკითხ პირთა ნუსხაში არ შეიყვანს ბრალდებულს, აგრეთვე, თუ დაცვის მხარემ ბრალდებული არ შეიყვანა თავის მოწმეთა დასაკითხ სიაში ან/და ბრალდების მხარემ თავის დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ბრალდებული. სასამართლომ განაჩენში მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. კასატორის მითითებით, მოწმეთა ჩვენებების ის ნაწილი, რომელიც დაცვამ უდავოდ ცნო, განპირობებული იყო მისი არალევანტურობითა და საქმესთან ირიბი კავშირით, რაც განაჩენის დასაბუთებისათვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

6. კასატორის მითითებით, ეთერ ყურშუბაძეს დანაშაული გაუფრთხილებლობით არ ჩაუდენია. მან წესდებაში განსაზღვრული უფლებამოსილებების შესაბამისად მიიჩნია, რომ გიორგი შოუას შპს-ს ქონების გასხვისების უფლება ჰქონდა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ე. ყ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და საკასაციო პალატის მიერ არც სავარაუდოა დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №714აპ-16).

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომლის თანახმადაც, თუ დაცვის მხარემ ბრალდებული არ შეიყვანა თავის მოწმეთა დასაკითხ სიაში და ამასთანავე, ბრალდების მხარემ მოხსნა იგი (რის გამოც მოწმედ ვეღარ დაიკითხა), ბრალდებულს უფლებები ფუნდამენტურად შეელახება. ევროპულმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არც ერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა.[1] წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, დაცვის მხარეს არ შეზღუდვია მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ბრალდებული ეთერ ყურშუბაძე.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ე. ყ-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), N14448/88, 27/10/1993, §33.