საქმე №76აგ-17 19 დეკემბერი, 2017 წელი
ა. თ-ზ, 76აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განაჩენით თ. ა- - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით თ. ა-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2011 წლის 4 ოქტომბრიდან.
5. 2017 წლის 1 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან დაზარალებულები იტყუებიან, არიან თაღლითები, ხოლო თავად უდანაშაულოა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ თ. ა-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. კასატორი - მსჯავრდებული თ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. პალატა აღნიშნავს, რომ არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივარში თ. ა. არ უთითებს არც ერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო პალატას შესაძლებლობას მისცემდა, გადაესინჯა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. მხოლოდ კასატორის განცხადება, რომ არის უდანაშაულო, ხოლო დაზარალებულები იტყუებიან, არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ თ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ თ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე