¹ას-605-987-06 15 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ნ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების გაყოფა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ნ-ის წინააღმდეგ სამკვიდრო ქონების გაყოფის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. ნ-თან. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზე, აღირიცხა საცხოვრებელი სახლი. მან აღნიშნული სახლი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილიშვილს – ს. ნ-ს. მისმა ვაჟიშვილმა – ზ. ნ-მა სადავო გახადა ჩუქების ხელშეკრულება და სასამართლო წესით გაუქმდა როგორც ჩუქების ხელშეკრულება, ასევე მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელემ მოითხოვა საცხოვრებელი სახლის თანამემკვიდრეთა შორის გაყოფა.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ. ნ-მა საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამავე სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებით კი უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ზ. ნ-მა და ჟ. ზ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს სასამართლოში.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ იყო წარმოდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განჩინებით ზ. ნ-სა და ჟ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ნ-მა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მართალია, გორის რაიონული სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 3 მარტს, მაგრამ, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო აღნიშნული განჩინების მისი წარმომადგენლისათვის გადაცემა. მისმა წარმომადგენელმა კი აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის განჩინება ზ. ნ-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 3 მარტს. აღნიშნულს ადასტურებს თვითონ კერძო საჩივრის ავტორი, ე.ი. მას სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 14 დღის ვადაში ანუ 2006 წლის 17 მარტის ჩათვლით. მან კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 29 მაისს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანა, მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ 2 თვისა 12 დღის დაგვიანებით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ივნისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.