საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-607-833--08 17 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ხ. შ. ასული ო-შვილი
წარმომადგენელი – თ. ე-აძე
მოწინააღმდეგე მხარეები – ხ. გ-ს ასული ო-შვილი, შ., ს. და თ. ო-შვილები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი –უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სასარჩელო მოთხოვნა), სადავო ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება (შეგებებული სარჩელი )
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 25 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ხ. შ-ს ა. ო-მა მოპასუხეების ხ. გ-ს ა. ო-შვილის, შ., ს. და თ. ო-შვილეების წინააღმდეგ. სასარჩელო განცხადების მოთხოვნა არის თბილისი, ...ის ქ. ¹31-ში 0მდებარე საცხოვრებელი სახლის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. თავის მხრივ, შეგებებული სარჩელი იყო აღძრული მოპასუხე ხ. გ-ს ასული ო-შვილის მიერ და მის მიერ მოთხოვნილი იყო თბილისი, ...ის ქ. ¹31 მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის და ეზოს გაუმჯობესება –გაფართოების მიზნით გაწეული ხარჯის ანაზღაურება ჯამში 40000 (ორმოციათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ხ. შ. ასული ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების ხათუნა გიორგის ასულ ოდიშვილის, შ., ს. და თ. ო-შვილების მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა თბილისში, ...ის ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ხ. გ-ს ასული ო-შვილის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ხათუნა გიორგის ასულ ოდიშვილმა, შ., ს. და თ. ო-შვილებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებით აპელანტ ხ. გ-ს ასული ო-შვილის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა საქმის წამოება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო განჩინების დადგენამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხათუნა შოთას ასულ ოდიშვილის წარმომადგენელმა თ. ე-აძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველი საქმის დავის საგნას წარმოადგენს ხ. შ. ასული ო-შვილის სასარჩელო განცხადება მის სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეების ხ. გ-ს ასული ო-შვილის, შ., ს. და თ. ო-შვილების გამოსახლება და მოპასუხეების შეგებებული სასარჩელო განცხადება აღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ანაზღაურების შესახებ, ხოლო საქმის წარმოების შეჩერება მოხდა იმის გამო, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მოსარჩელე ხათუნა შოთას ასულ ოდიშვილს და დედამისს ვარვარა ხაჩირაშვილს შორის 2001 წლის 5 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელკშეკრულებასთან დაკავშირებით. ასევე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველი საქმის დავის საგანს საერთოდ არ წარმოადგენს არც ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და არც ჩუქების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რაიმე გარემოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ხ. შ. ასული ო-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოება შეჩერებულია იმ მოტივით, რომ მხარის მიერ სისხლის სამართლის წესით სადავოდ არის გამხდარი ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვის დასრულებამდე შეჩერებულია საქმის წარმოება, ვერ იქონიებს გავლენას მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, რადგან განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და სადავო ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, შესაბამისად, შეჩერების საფუძვლად მითითებულ გარემოებებს არ აქვს კავშირი მოცემულ სამოქალაქო სამართლებრივი დავის გადაწყვეტასთან, რის გამოც არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების კანონიერი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე არსებითად განსახილევლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ. შ. ასული ო-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე არსებითად განსახილევლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.