ას-607-916-09 10 ივლისი, 2009წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა მ. ღ-შვილის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. ღ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მ. ღ-შვილს დაევალა კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე დაევალა ამავე ვადაში გასაჩივრებული განჩინების თარიღის დაზუსტება.
2009 წლის 6 ივლისს მ. ღ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსებულად ცნობა. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განჩინებას. მ. ღ-შვილის მითითებით, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან ითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას მხოლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან და განეკუთვნება ხელფასის გადახდევინების შესახებ მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლომ განიხილა მ. ღ-შვილის განცხადება და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. ღ-შვილს დაევალა კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა და გასაჩივრებული განჩინების თარიღის დაზუსტება. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები. მ. ღ-შვილს ასევე განემარტა მის კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძვლები და არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული. კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა განცხადება, სადაც ხარვეზის შევსებულად ცნობას აფუძნებს სახელმწიფო ბაჟისაგან მისი გათავისუფლების შესახებ იმავე მოტივებს, რაზედაც ზემოაღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მ. ღ-შვილის მიერ კერძო საჩივრის ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.