Facebook Twitter

ას-609-918-09 24 სექტემებერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. უ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ც. უ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. უ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹92-ში მდებარე სახლის 4/6-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით ზ. უ-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. უ-შვილმა და მოითხოვა მათი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით ზ. უ-შვილს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება, კერძოდ, მითითება იმაზე თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა იგი, ასევე მითითება იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებითაც დასაბუთებული იქნებოდა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ზ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. უ-შვილის წარმომადგენელმა მ. დ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვალა იმ საფუძვლით, რომ მან მართალია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, თუმცა ფოსტას ჩააბარა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თხოვნით, ხოლო თავად ზ. უ-შვილმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზ. უ-შვილსაც და თავის წარმომადგენელს ორივეს ჩაჰბარდათ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება, შესაბამისად, თვითოეულს ცალ-ცალკე დაეწყოთ ხარვეზის შესავსებად მიცემული დროის ათვლა. ამდენად, კერძოO საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ზ. უ-შვილსა და მის წარმომადგენელ მ. დ-ძეს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, უშუალოდ ზ. უ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 29 აპრილს (ტ.V,ს.ფ.8), ხოლო მის წარმომადგენელ მ. დ-ძეს _ 2009 წლის 28 აპრილს (ტ.V,ს.ფ.7) შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 8 მაისი, ვინაიდან, კანონის შესაბამისად, ვადის ათვლა დაიწყო წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ზ. უ-შვილმა ხარვეზი არ გამოასწორა, მან ხარვეზი გამოასწორა სამი დღის დაგვიანებით 2009 წლის 11 მაისს, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, მისი სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 14 მაისის განჩინებით დარჩა განუხილველად.

საქმის მასალების შესაბამისად, 2009 წლის 20 მაისს სასამართლოში ფოსტის საშუალებით წარმოდგენილ იქნა ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რაც სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინებით დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან ზ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 14 მაისის განჩინებით განუხილველად იყო დატოვებული დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, აღნიშნულ ეტაპზე აღარ არსებობდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების განხილვის საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მის მიერ ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილ, ხარვეზის შესავსებად მოცემული ვადის გაგრძელების შესახებ, განცხადებაზე არ უმსჯელია.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ზ. უ-შვილმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა ხარვეზი, ვინაიდან სასამართლოს ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა იმ დღიდან, როდესაც უწყება წარმომადგენელს ჩაჰბარდა, არამედ უშუალოდ ზ. უ-შვილისათვის უწყების ჩაბარებიდან. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს (სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაიწყო ვადის ათვლა წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს, სწორად დატოვა ზ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.